ირაკლი კობახიძე: საქართველოში ის დრო დამთავრდა, როცა გუბერნატორები ძალიან უხეშად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესებში

659

საბედნიეროდ, საქართველოში დამთავრდა ის დრო, როცა გუბერნატორები ერთგვარი კომისრის როლს თამაშობდნენ და ძალიან უხეშად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესებში, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის გუბერნატორების გადადგომა არჩევნებს უკავშირდება.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკადრო ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა, პროცესები არის დინამიკური, როგორც მმართველობის სისტემაში, ისე პოლიტიკაში.

“საბედნიეროდ, საქართველოში დამთავრდა ის დრო, როცა გუბერნატორები რეგიონებში ერთგვარი კომისრის როლს თამაშობდნენ და ისინი პირდაპირ და ძალიან უხეშად იყვნენ ჩართული საარჩევნო პროცესებში. ეს მოვლენები საქართველოში დიდი ხანია აღარ ფიქსირდება. ასე რომ, საკადრო ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებული არ არის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” მიერ თვითმმართველობებში კანდიდატების წარდგენას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 25 აგვისტოდან დაიწყება კანდიდატების წარდგენა.

”დავიწყებთ მერობის კანდიდატების წარდგენას და ამის შემდეგ ეტაპობრივად მოხდება საკრებულოებში კანდიდატების წარდგენა. განახლება იქნება საკმაოდ მასშტაბური, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკრებულოების და მერების შემადგენლობა სრულად შეიცვლება. მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება, თუმცა ასევე გვეყოლება კანდიდატები, რომელიც ბოლო წლებში ადგილობრივ ხელისუფლებაში თავიანთ მოვალეობებს ასრულებდნენ”, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ სიებზე მუშაობა დასრულებული არ არის.

წყარო: ინტერპრესნიუსი