ზაალ უდუმაშვილი კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმების ინიციატივით გამოდის

699

“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი კრიზისების მართვის საბჭოს გაუქმების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული განცხადება უდუმაშვილმა გუშინ, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, მთაწმინდაზე მომხდარი ხანძრის დროს საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნახა, თუ რამდენად უმოქმედოა ხელისუფლება კრიზისულ ვითარებაში. უდუმაშვილის განცხადებით, კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს “ქართული ოცნების” პოლიტიკური პენსიონერების თავშესაფარს და უცნობია, თუ რას ემსახურება უწყება.

მისივე თქმით, აღნიშნული საბჭოს შენახვა ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდება. “გუშინ ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მომსწრე, რამდენად უმოქმედოა ხელისუფლება კრიზისულ ვითარებაში. რომ არა მეხანძრეების თავდადებული მუშაობა, ხანძრის შედეგები შესაძლოა გაცილებით მძიმე ყოფილიყო. ეს იმ დროს, როდესაც მთავრობაში უკვე სამი წელია ფუნქციონირებს კრიზისების მართვის საბჭო. თუმცა, რას ემსახურება ეს უწყება, დღემდე გაურკვეველია. კრიზისების მართვის საბჭო რეალურად წარმოადგენს “ქართული ოცნების” პოლიტიკური პენსიონრების თავშესაფარს, რომლის შენახვაც ბიუჯეტს ყოველწლიურად 3 მილიონნახევარი უჯდება, აქედან 2,5 მილიონი მხოლოდ სახელფასო ფონდია. იქ დასაქმებული 78 ადამიანის საშუალო ხელფასი კი უპრეცედენტოდ მაღალია. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენი ჯიბიდან ამ უწყებამ 20 მილიონზე მეტი მიიღო. საბჭო რომ არაქმედუნარიანია, ჯერ კიდევ 13 ივნისის სტიქიის დროს გამოჩნდა. გუშინ კი საერთოდ არ ჩართულა მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში. ამიტომ უმოქმედო საბჭო უნდა გაუქმდეს. გამოთავისუფლებული რესურსები კი შესაბამისი უწყების ტექნიკურ აღჭურვას და გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. რაც შეეხება მაკოორდინირებელ ფუნქციას, რომელიც დღეს კრიზისების მართვის საბჭოს ფორმალურად აკისრია, ეს მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
თბილისის მერობის კანდიდატი ასევე დაინტერესებულია „სუპერპუმების“ საკითხით. მისი თქმით, მსგავს სიტუაციებში აუცილებელია მოხდეს ვერტმფრენების გამოყენება, რაც მაშველებს საქმეს გაუიოლებს, ხოლო მოსახლეობას არსებულ რისკებს შეუმცირებს.

წყარ: ინტერპრესნიუსი