ახმეტა-თელავი-ბაკურციხეს შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო

1065

ახმეტა-თელავი-ბაკურციხეს საავტომობილო გზის (ბაკურციხე-გურჯაანი) შემოვლითი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.  აღნიშნული გზის მშენებლობა  ქვეყნის განვითარების 4 პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის შემადგენელი ნაწილია.

გურჯაანი-ბაკურციხის 15,5 კმ-იანი შემოვლითი გზა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას დააკავშირებს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან.
სამუშაოების დაწყებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის სავალ ნაწილს, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ხელოვნური ნაგებობები, საგზაო სამოსი, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.

პროექტი გააუმჯობესებს თბილისთან დამაკავშირებელი ახმეტა-თელავი-ბაკურციხის ადგილობრივი გზის უსაფრთხოებას და ხარისხს. კახეთის რეგიონისათვის გზების  გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ რეგიონში საკმაოდ განვითარებულია სოფლის მეურნეობა და აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი.

ამჟამად, მიმდინარეობს ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის გურჯაანის შემოსავლელი საავტომობილო გზის 7კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა.
პროექტი, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRPIII)  ფარგლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 38 000 000 ლარია.  პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მშენებლობა 2018 წელს დასრულდება.