თუშეთის სოფლებში სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუაოები მიმდინარეობს

1428

თუშეთის რამდენიმე სოფელში სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო თუ ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა: თუშეთის ცენტრის – სოფელ ომალოს წყალმომარაგების სიტემისთვის ახალი სათავე ნაგებობის მშენებლობა, სანიაღვრე და საკანალიზიციო სისტემების მოწყობა.

აქტიურად მიმდინარეობს ომალოდან პირიქითა და გომეწრის ხეობებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შენაქოსა და ბეღელას ხიდების შეკეთება, რომელთაგან უკანასკნელი, გომეწრისა და წოვათის ხეობის სოფლებს გარესამყაროსთან აკავშირებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების გასაცნობად თუშეთს საქართველოს პარლამენტის წევრი, ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული,საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესა და პარლამენტის წევრ დავით სონღულაშვილთან ერთად ესტუმრა.

კანონმდებლებმა მაღალმთიან სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ადგილზე არსებული პრობლემები განიხილეს. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ყურადღება ასევე დაეთმო მხარის სამომავლო პერსპექტივებსაც. დეპუტატები სოფელ დართლოს სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნენ.

ახმეტის რაიონის გამგებლის წამომადგენლის, ლადო კახოიძის განმარტებით, გაზაფხულზე დაზიანებულ ხიდებს გამაგრებითი სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან გამოყოფილი თანხებით უტარდება. მისივე ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ასევე მნიშვნელოვანია სოფელ ჯვარბოსელთან ახალი ხიდის მშენებლობის საკითხიც.

გელა სამხარაულის განცხადებით, თუშეთში ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას, მოკლევადიანი საკურორტო სეზონიდან გამომდინარე, საჭიროა დროის მაქსიმალურად გამოყენება.

მისივე თქმით, თუშეთის სოფლებში მიმდინარე შიდა სამუშაოები, ძირითადად დამოკიდებულია ცენტრალური გზის მოწესრიგებაზე, რომელიც ხშირად ზიანდება და ტურისტულ სეზონს აფერხებს. მისი აზრით, აუცილებელია ადგილზე არსებული რესურსის სწორად განაწილება და განკარგვა ისე, რომ პარალელურ რეჟიმში მოხდეს ყველა საჭირო ტექნიკის დროულად გამოყენება. ამასთანავე, აუცილებელია, რომ შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია ცალკე, დამოუკიდებლად, საკურორტო სეზონის დაწყებისთანავე განხორციელდეს.

აღსანიშნავია, რომ 12 აგვისტოს, ომალოში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „თუშეთობა“ გაიმართება. მოსახლეობასთან შეხვედრებზე ამ საკითხსაც დაეთმო ყურადღება და დეპუტატები ამ დღისთვის დაგეგმილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებითაც დაინტერესდნენ.

„პირადად ჩემთვის, საყურადღებოა მთიანი რეგიონების განვითარების მიმართულება. „თუშეთობის“ მსგავსი, ტრადიციული ღონისძიებებიც ერთ-ერთი მიმზიდველი კომპონენტია მხარის უკეთესად გაცნობისა და ეკოტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. თუშეთში დღეს მოსახლეობას ნამდვილად ბევრი პრობლემა აქვს, რომელიც გზას, წყალსა თუ შუქს უკავშირდება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ეს სირთულეები ეტაპობრივად დაიძლიოს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ შევქმნათ კონკურენციისა და თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი განვითარების პირობები. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხარეში ყველა სოფელს, ყველა ადგილს თავისი ისტორიული დატვირთვა აქვს. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ აღდგება ხითანას სათემო ინფრასტრუქტურა და ეს ადგილი თავის ტრადიციულ დატვირთვასთან ერთად, ახალი აქტივობების ჩატარების ფუნქციასაც შეიძენს. აქ გამართულ დოღს კი ექნება უფრო ორგანიზებული, სანახაობრივი სახე, რაც მის მასშტაბებს გაზრდის და ვიზიტორებს მოიზიდავს. ვხედავთ, რომ თუშეთში იზრდება სასტუმროების რაოდენობაც, რომელთა უმეტესობა სახელმწიფოს მხარდაჭერით და პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინასებით შენდება. თვალნათელია ტურიზმის განვითარების ტემპი, რაც, ბუნებრივია, ხელშეწყობის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. მალე დასრულდება კვლევები „თუშეთის სივრცული დაგეგმარების პროგრამის“ ფარგლებშიც, რაც თუშეთის ელექტრო ენერგიით მომარაგებისა და სხვა არსებული პრობლემების მოგვარების საკითხებს უფრო ორგანიზებულ სახეს მისცემს“, – განაცხადა გელა სამხარაულმა.

დეპუტატები თუშეთში რამდენიმე დღიანი სტუმრობისას, ასევე დაესწრნენ ამ მაღალმთიან მხარეში გამართულ ფესტივალს – „აქთუშეთიი 2017“-ს, რომელზეც თავი მოიყარეს ქართველმა და უცხოელმა მხატვრებმა, კერამიკოსებმა, ფოტოგრაფებმა, მუსიკოსებმა, მეცნიერებმა და სხვა ხელოვანებმა და რომლებმაც ადგილობრივი მოსახლეობისა და მრავალრიცხოვანი სტუმრებისათვის გამართეს პრეზენტაციები, წაიკითხეს ლექციები, მოაწყეს ვორკშოპები და მუსიკალური საღამოები.