საპატრიარქოს ქუთაისის ცენტრში 740 კვ. მ მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ გადაეცა

1005

 საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ საქართველოს საპატრიარქოს ქუთაისში 740 კმ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა გადასცა. საპატრიარქომ მიწის ნაკვეთი ქუთაის-გაენათის ეპარქიას ეკლესიის ასაშენებლად მისცა. ადგილზე სამუშაოები მალე დაიწყება.

ინფორმაციისთვის, თუ რა თანხის სანაცვლოდ მოხდა ტერიტორიის გადაცემა და მოხდა თუ არა პირობების დაწესება ეკლესიისთვის, ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს დავუკავშირდით. სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს საპატრიარქოს თებერვალში განცხადებით მიმართა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ, რადგან ეშუამდგომლა სახელმწიფოსთან თბილისის ქუჩის პირველ ნომერში არსებული მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის გადაცემის შესახბ, შემდგომში ტაძრის მშენებლობის მიზნით. საპატრიარქო ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემას ითხოვდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო სექტორთან ურთიერთობის სამსახურს ადგილის გადმოცემის შესახებ წერილობით მიმართა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, რომელიც სააგენტოს აცნობდა, რომ ქონების მიცემის საკითხი განიხილა ქუთაისის მერიამ და რომ საკითხთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა არ არსებობდა არც მერიასა და არც გუბერნატორთან. აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმებოდა მერიაც. შემდგომ მხარეების შეთანხმება ფართის გადაცემის შესახებ შედგა და ნებართვას ხელს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს. 25 მაისის განკარგულებით, ქუთაის-გაენათის ეპარქიას ტერიტორია მიეცა უსასყიდლოდ. აღსანიშნავია, რომ გვერდით  1400 კმ. მეტრი ტერიტორია 800 000 ლარად გაიყიდა. სამინისტრომ ტერიტორია ყოველგვარი პირობების გარეშე გადასცა ეპარქიას. ხელშეკრულებაში მხოლოდ იმას ვკითხულობთ, რომ შემძენი ვალდებულია ტერიტორიაზე ეკლესიის მშენებლობა მოახდინოს და ცვლილების შესახებ აცნობს მეორე მხარეს.

ცენტრალურ მოედანზე ეკლესიის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის თებერვალში გავრცელდა. „მაკდონალდსის“ მშენებლობის გამო ეპარქიამ ტერიტორიის გადაცემა მოითხოვა. ამბობდნენ, რომ ადგილზე დავით აღმაშენებლის ეკლესია არსებობდა, ამიტომ მიაჩნდათ, ადგილზე აუცილებლად ეკლესიის შენება. რესტორნის და ეკლესიის ერთ სივრცეში მშენებლობის გამო საზოგადოების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა, ნაწილი ეკლესიის, ნაწილი „მაკდონალდსის“ მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. „მაკდონალდსი“ დაჩქარებული ტემპით ხუთ თვეში აშენდა, ეკლესიის მშენებლობა კი მიმდინარე თვეში იწყება. რის შემდეგაც ქუთაისის ცენტრში, ეკლესია და „მაკდონალდსი“ ერთ სივრცეში იარსებებს. როგორც ქუთაისში ხუმრობენ, „მაკდონალდსის“ სტუმრებს ნაკურთხი პროდუქციის მირთმევა შეეძლებათ.

წყარო: ნიუპრესი