აუდიტის სამსახურმა “ქართული ოცნების”, “ევროპული საქართველოს” და “გირჩის” შემომწირველების მიმართ მოკვლევა დაიწყო

596

გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის თითქმის ყველა შემოწირულობას, რომელიც შეადგენს რამდენიმე ათას ლარს.

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პარტიების აქტიური შემოწირულობები დაახლოებით ივლისის ბოლოს დაიწყო.
“მანამდე არსებითი შემოწირულობები არ ყოფილა. ჩვენ თითქმის ყველა შემოწირულობასთან მიმართებაში, რომელიც აჭარბებს რამდენიმე ათას ლარს, დავიწყებთ მათ გადამოწმებას, რათა დავადგინოთ, რამდენად ჰქონდა შემომწირველს შესაბამისი მატერიალური რესურსი და ფინანსური ბრუნვა იმისთვის, რომ დავადგინოთ შემოწირულობის წარმომავლობა და გვქონდეს შესაბამისი რეაგირება. ამ ეტაპის მდგომარეობით, ყველაზე დიდი შემოწირულობები აქვს “ქართულ ოცნებას”, შემდეგ არის “ევროპული საქართველო” და “გირჩი”. დანარჩენ პარტიებთან მიმართებაში შემოწირულობები უმნიშვნელოა. ამ სამი პარტიის შემომწირველების მიმართ უკვე დავიწყეთ მოკვლევა. შემოწირულობებს ადგილი აქვს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისგან”, – განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, დადგენილი ლიმიტის, რომელიც ფიზიკურ პირზე შეადგენს 60 ათას ლარს და იურიდიულ პირზე 120 ათას ლარს, გადაჭარბება არ ყოფილა.

“ის შემოწირულობები, რომლებიც შეადგენს 30 ათასს, 50 ათასს, 60 ათასს, არის პრიორიტეტული და მათ შემოწმებას პრიორიტეტულად დავიწყებთ. დადგენილი ლიმიტი ფიზიკური პირის შემთხვევაში არის 60 000, იურიდიული პირის შემთხვევაში – 120. რაც შეეხება პირების შემოწმებას, პირველ რიგში სასამართლოს ნებართვით ვიღებთ შემოსავლების სამსახურისგან ინფორმაციას, რათა დავადგინოთ, ჰქონდა თუ არა პირს შესაბამისი რესურსი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი