„ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას „ვეღარ გააყალბებ“ იწყებს

657

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალ კამპანიას „ვეღარ გააყალბებ“ იწყებს. გაყალბების საწინააღმდეგო შტაბის მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში არსებული დარღვევებისა და ძალადობის ფაქტების შესწავლა, გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „მომხდარი უკანონობისა და განუკითხაობის განმეორების საშიშროების აღმოფხვრა“. კამპანიის „ვეღარ გააყალბებ“ შტაბს ლევან ბეჟაშვილი და ზაზა ბიბილაშვილი უხელმძღვანელებენ.

„ყველამ იცის, რომ გაყალბება მხოლოდ არჩვენების დღეს ურნებთან ჩადენილი დანაშაული არაა. გაყალბებაა უკანონო მიწერები (როცა თქვენს ბინაში უცხო ადამიანებს არეგისტრირებენ), ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩეველზე ზეწოლა და საარჩევნო პროცესში სუს-ისა თუ კრიმინალური სამყაროს ჩართვა. გაყალბებაა ძალადობა, რომელიც უკვე დაწყებულია. მაგალითად, ახალციხეში სასტიკად სცემეს ჩვენი წარმადგენელი ბეგლარ კაპანაძე, მისი 83 წლის მამა და შვილი. გურიაში ჩვენს კანდიდატებზე ზეწოლის მოსახდენად ჩართული არიან კრიმინალური ავტორიტეტები რუსეთიდან. ხელისუფლების რეაქცია ამ ყველაფერზე ცნობილია: იმის მაგივრად, რომ დღეს კორცხელის ზონდერები განსასჯელის სკამზე ისხდნენ, მათი მეთაური კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატია, თავად მოძალადეებს კი სამეგრელოს გუბერნატორი და ბერა ივანიშვილი ერთად აქეიფებენ. ეს არ იქნება პარტიული შტაბი. ეს იქნება შტაბი ნებისმიერი დარღვევის გამოსავლენად. შტაბი, რომელიც აღრიცხავს ყველა დარღვევასა თუ დანაშაულს და დაიცავს ხალხის ხმებს, ხალხთან ერთად“, – ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველა ოპოზიციურ პარტიას მიმართავს და სთხოვს მათ, ჩამოაყალიბონ გაყალბების საწინააღმდეგო ერთობლივი საბჭო.

„მივამართავთ ყველა ოპოზიციურად განწყობილ ადამიანს – ამ კამპანიაში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს – ყველა, ვინც აცნობიერებს, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, რომელმაც მხოლოდ სიღატაკე და უიმედობა მოუტანა ხალხს, არ აპირებს ხელისუფლების დემოკრატიული გზით დათმობას. თითოეული თქვენგანის ჩართულობა ამ შტაბის წარმატებული მუშაობის საწინდარია. ვამხილოთ უსამართლობა და ვებრძოლოთ მას. ვუთხრათ ივანიშვილს – ვეღარ გააყალბებ! განსხვავებით ადრინდელისგან, ჩვენ აღარ შეგაჩერებთ. პირიქით, ჩვენ ვიბრძოლებთ თქვენთან ერთად“, – აცხადებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.

წყარო: ინტერპრესნიუსი