რუსთავში, მიწისა და ქონების რეგისტრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

724

რუსთავში, მიწისა და ქონების რეგისტრაციის პრობლემატურ საკითხებზე, რუსთავის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ წარმომადგენლები, რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძესა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა, იმ კონკრეტულ პრობლემებზე იმსჯელეს, რომელსაც მოქალაქეები ქონებისა და მიწის რეგისტრაციისას აწყდებიან. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს რუსთავში ე. წ. მარის არხის დასახლების პრობლემებზეც. აღნიშნული დასახლების მოსახლეობა უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც უშედეგოდ ცდილობს საცხოვრებელი სახლებისა და მიწის ნაკვეთების ლეგალიზებასა და კერძო საკუთრებაში რეგისტრაციას.

,,დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა მიწის რეგისტრაციის საკითხებს. შეხვედრის მიზანი იყო, პროცესის გამარტივება და პოზიციების შეჯერება თვითმმართველობასთან, ასევე საკუთრების აღიარების კომისიასთან, იმისთვის, რომ საკითხი უფრო მარტივად და დადებითად გადაწყდეს, მოგვარდეს ის პრობლემები, რისი მოგვარებაც რეალურად შეიძლება“, – განაცხადა სსიპ ,,საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს” ცენტრალიზებული რეგისტრაციისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსმა ზვიად ტალიკაძემ.

როგორც რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძემ განაცხადა, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა თვითმმართველობის მოთხოვნით შედგა.

,,შეხვედრაზე განვიხილეთ აღიარების კომისიის მუშაობისას გამოკვეთილ საკითხები, მათ შორის, ”მარის არხის” დასახლების პრობლემებიც, რომლებიც ძალზედ აქტუალურია ჩვენთვის. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ჩვენს მიერ დასმული იქნა საკითხები, რომლებზეც მივიღეთ განმარტებები, იმ თემებზე კი, რომლებიც დღევანდელი შეხვედრის კომპეტენციებს სცილდება, მსჯელობა მომავალშიც გაგრძელდება. მე იმედი მაქვს, მივალთ იმ სასურველ გადაწყვეტილებამდე, რაც ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში პროცედურებს გაგვიადვილებს“, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძემ.
როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას გაირკვა, ”მარის არხის” დასახლების მოსახლეობას, საცხოვრებელი სახლები და მიწის ნაკვეთები, კერძო მესაკუთრეებისგან აქვთ შეძენილი ან თვითნებურადა აქვთ ფართი დაკავებული. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის გამო კი, ქონებას საკუთრებაში ვერ ირეგისტრირებენ, თუმცა უკვე რამდენიმე ათეული წელია, რაც ისინი აღნიშნულ დასახლებაში ცხოვრობენ.

წყარო: ინეტრპრესნიუსი