გიორგი ვაშაძე: ”ქართული ოცნების” დამარცხებისთვის აუცილებელია გაერთიანება

815

“ქართული ოცნების” დამარცხებისთვის აუცილებელია გაერთიანება, – ამის შესახებ  “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ის არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციებს მართავს.

მისივე თქმით, მის მოწოდებას პროდასავლური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ადამიანების გამოხმაურება მოჰყვა და დღეს კონსულტაციები იმართება .

“პირველი – “ქართული ოცნების” დამარცხებისთვის აუცილებელია გაერთიანება; მეორე – ვფიქრობ, რომ ვისაც რეალურად უნდა ხელისუფლების დამარცხება, უნდა გავერთიანდეთ პროდასავლური პროგრესული ჯგუფები, არა მარტო პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოებისთვის აქტიური სხვადასხვა ლიდერები. ჩვენს პირველ ინიციატივას, რომელიც გასულ კვირას გვქონდა, საკმაოდ ბევრი საინტერესო ადამიანი გამოეხმაურა. დღეს ამასთან დაკავშირებით გვექნება დისკუსია და მსჯელობა. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი იქნება შეუქცევადი და ჩვენ ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებში დავამარცხებთ ”ქართულ ოცნებას”. პრინციპების გარშემო გაერთიანება არის ”ქართული ოცნების” მავნებლური ხელისუფლების დამარცხების ერთადერთი გზა”, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ მერის სავარაუდო საერთო კანდიდატზე საუბრისას განაცხადა, რომ პრაიმერი არის ერთადერთი გზა რითაც უნდა გამოვლინდეს კანდიდატი.

როგორც კონსულტაციებში მონაწილე პაატა დავითაიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია აჩვენონ საზოგადოებას და ხელისუფლებას, რომ ოპოზიციას შესწევს გაერთიანების უნარი.

“მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ საზოგადოებას და ხელისუფლებას, რომ ოპოზიციას შესწევს გაერთიანების უნარი. ცალ-ცალკე თამაში გამოიწვევს იმას, რომ ”ქართული ოცნება” გაიმარჯვებს არჩევნებში”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეიქმნება თუ არა კოალიცია, დავითაიამ უპასუხა, რომ სავარუდოდ შეიქმნება.

კონსულტაციებში “ახალი საქართველოს” გარდა მონაწილეობენ პარტია – “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”, “ევროპელი დემოკრატები”, მოძრაობა – “ახალი ერთობა საქართველოსთვის” და მამუკა გამყრელიძე.

წყარო: ინტერპრესნიუსი