პროექტის „ისწავლე და დასაქმდი თბილისის მერიასთან ერთად“ შემაჯამებელი კონფერენცია დღეს გაიმართება

873

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში,  დღეს, პროექტის – „ისწავლე და დასაქმდი თბილისის მერიასთან ერთად“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსების განხორციელებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას ტურიზმისა და მომსახურების სექტორში.

მოკლევადიანი პროფესიული კურსები განხორციელდა პროფესიული კოლეჯი „იკაროსის“ მიერ ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის პირველადი შედეგები და სამომავლო განვითარების პერსპექტივები.

პროექტის ფარგლებში, მოკლევადიანი პროფესიული სასწავლო კურსების მეშვეობით 400-მდე მოქალაქე გადამზადდა. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭათ დევნილებს, ომის ვეტერანებს, მარჩენალდაკარგულ, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი