კახა კალაძე: ტურისტული განვითარების მთლიან კონცეფციაში ერთ-ერთ მიმართულებად ღამის თბილისის განვითარებას განვიხილავთ

661

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე უახლოეს მომავალში დედაქალაქში განსახორციელებელი პროექტების შესახებ საკუთარ ხედვას წარადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ყურადღებას დედაქალაქში სამუშაო ადგილების შექმნაზე ამახვილებს.

„სიცოცხლით სავსე ქალაქი“ – ეს არის თბილისის ცხოვრება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომავალი წლების განმავლობაში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა თბილისის ღამის ცხოვრების განვითარება. ეს მხოლოდ გართობა ან დასვენება არ არის. პირიქით, ეს პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენი სიცოცხლით, ენერგიით სავსე ახალგაზრდების ჩართულობასთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
„მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს ჩვენი ქვეყანა უცხოელებისთვის. ტურისტული განვითარების მთლიან კონცეფციაში ერთ-ერთ მიმართულებად ღამის თბილისის განვითარებასა და კეთილმოწყობას განვიხილავთ. ეს იქნება სტიმული დასვენებისა და ამ მიმართულებით ბიზნესის კეთების მსურველებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ღამის წესრიგის დამყარება – იქნება ეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა თუ ხმაურისა და სიწყნარის ზონების გააზრებული გამიჯვნა და დაგეგმარება“, – აცხადებს კახა კალაძე ვიდეო მიმართვაში.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, აღნიშნული პროექტი ახალგაზრდული ინტერესისა და მოტივაციის სფეროს ეხება, რომელთა იდეების განხორციელებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი