ხაშურში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

696

ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

კახა სამხარაძე ხაშურის სპორტული კომპლექსის, №7 საბავშვო ბაღისა და ნაპირსამაგრი კედლების მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ხაშურის სპორტული კომპლექსი მრავალფუნქციურია და პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რაც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა №7 საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც ჯამში 753 752 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ ბაღს 250 ბავშვის მიღება შეეძლება.

დაბა სურამში, მდინარე სურამულაზე ნაპირსამაგრი კედლის სამშენებლო სამუშაოები კი მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რომლის ღირებულება 223 399 ლარია. კახა სამხარაძის თქმით სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დათქმულ ვადებში დასრულდება.