გაფრთხილება გამგეობებს და დავალება მშენებელს – მოაწყოს წყორძის ტაძრის ეზო

1271

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, შპს „ასტორიას“, რომელმაც წყორძის ტაძართან ასფალტი დააგო, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის თავიდან მოწყობას სთხოვს, გამგეობებს კი აფრთხილებს, შეთანხმების გარეშე ძეგლებთან არაფერი დაგეგმონ.

 ახალციხეში, სოფელ წყორძის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ასფალტის დემონტაჟისა და მისი თავიდან კეთილმოწყობის მოთხოვნით, სპეციალური წერილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, სამშენებლო კომპანია შპს „ასტორიას“  გაუგზავნა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ სამშენებლო კომპანიამ დაჩქარებულ ვადებში ახალი პროექტი უნდა წარადგინოს. კომპანიას ტაძრის ირგვლივ უკვე დაგებული ასფალტის დემონტაჟი და მის ნაცვლად, სპეციალური მასალით მოპირკეთება, ჯებირების მოწყობა, ასევე გზის სავალი ნაწილის სათანადო გამაფრთხილებელი ნიშნებით მოწყობა ევალება.

„ამ პირობებით დაპროექტება კომპანიამ ბოლო ერთ კვირაში უნდა მოასწროს, რომ ყველა პროცედურა დროულად და სწრაფად განხორციელდეს“,–ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბექა ბარამიძე.

მისივე თქმით, სამშენებლო კომპანიის მიერ წარდგენილ პროექტს ჯერ საპატრიარქოს საბჭო განიხილავს, შემდეგ შეთანხმდება დეტალები და საბოლოოდ, სამუშაოების დაწყების ნებართვას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გასცემს. სააგენტომ შპს „ასტორიას“ სამუშაოების დასასრულებლად ვადა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე განუსაზღვრა.

იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან აიცილონ, ბექა ბარამიძის განმარტებით, ააგენტომ დღეს სპეციალური განცხადებები საქართველოს ყველა სამხარეო ადმინისტრაციას გადაუგზავნა.

„იმდენად მომრავლდა მსგავსი შემთხვევები, რომ პრევენციის სახით ჩვენ გუბერნიებს დავუგზავნეთ წერილები, რომ მათ ყველა გამგეობას შეახსენონ, იმ შემთხვევაში თუ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას საკითხი კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლს შეეხება, ჩვენი ნებართვისა და შეთანხმების გარეშე არაფერი მოიმოქმედონ. შვიდი დღის განმავლობაში მათ უნდა შეატყობინონ კულტურული მემკვბიდრეობის დაცვის სააგენტოს დეტალები, რათა ჩვენი მხრიდან იყოს მიღებული სწორი და გადაუდებელი ზომები და არც მათი ინფარსტრუქტურული პროექტები შეფერხდება“, – ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოში.

გაითვალისწინებს თუ არა შემსრულებელი კომპანია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პირობებს, შპს „ასტორიაში“ ჯერ არ საუბრობენ. ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯერ წერილი არ მიუღიათ.

ტაძრის მახლობლად სამუშაოები ახალციხის გამგეობის დაკვეთით ხორციელდებოდა. მიუხედავად დაპირებისა, რომ გამგეობა მომხდარზე ოფიციალურ კომენტარს დღეს გააკეთებდა, ამ ეტაპზე დუმილს ამჯობინებენ ადგილობრივ თვითმმართველობაშიც. გამგეობაში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ საჯაროდ ხვალ ისაუბრებენ. ამ დროისთვის უცნობი რჩება ვინ გაიღებს სამუშაოებისთვის საჭირო დამატებით ხარჯებს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ წყორძაში, გზის მოასფალტების სამუშაოების შერულებისას, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ასტორიამ“ სოფელში არსებული XIII საუკუნის ტაძრის გარშემო ასფალტი დაასხა. აღნიშნულმა ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. ფაქტმა უკმაყოფილება გამოიწვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც. სამუშაოების დროს ტაძართან, რომლის კედლები ისედაც დაზიანებულია, მძიმე ტექნიკა მოძრაობდა, რაც სპეციალისტების თქმით, კატეგორიულად დაუშვებელი იყო.

აქვე შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კულტურული ძეგლის ირგვლის მიმდინარე სამუშაოები ძეგლისთვის საზიანო ხდება და პროექტი ჩერდება. ასე მოხდა ასპინძაშიც,სოფელ აწყვიტაში, მე–12 საუკუნის მაცხოვრის სახელობის ტაძრის ეზოს გალავნის გაკეტებისას, საფლავები გადათხარეს. ძვლები ჯერ ხევში აღმოჩნდა, შემდეგ კი ისინი შეაგროვეს და საბოლოოს ტაძრის ეზოში სპეციალურად მოწყობილ საძვალეში დამარხეს.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე