პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო იმ კანონპროექტზეც დაძლია, რომლითაც საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობა იზრდება

726

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო იმ კანონპროექტზეც დაძლია, რომლითაც საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობა იზრდება. “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტზე ვეტო 94 ხმით, 5-ის წინააღმდეგ დაძლიეს.

პრეზიდენტმა ვეტო პარლამენტის მიერ მიღებულ იმ კანონპროექტსაც დაადო, რომელიც თვითმმართველი ქალაქებისა და თემების საკრებულოების ახლებურად ფორმირებას და საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს.

პარლამენტის მიერ მიღებული პროექტის თანახმად, თვითმმართველი თემის საკრებულო, ერთი მხრივ, შედგება პროპორციული წესით და თითოეული თემიდან და ქალაქიდან მაჟორიტარული წესით არჩეული წევრებისგან. ამასთან, იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით ორი წევრი აირჩევა. იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით სამი წევრი აირჩევა. იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული წესით ოთხი წევრი აირჩევა, ხოლო იმ თვითმმართველ თემში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული წესით აირჩევა ხუთი წევრი.

როგორც პრეზიდენტმა პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში განმარტა, ქალაქ თელავს, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 19 000-ს შეადგენს, ეყოლება 3 მაჟორიტარი და თელავის თემის მუნიციპალიტეტს, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა მცირედით აღემატება 37 000-ს, ეყოლება 17 მაჟორიტარი დეპუტატი. შედეგად, ქალაქ თელავში 1 მანდატის ხმის წონა შეადგენს 6 200-ზე მეტ ამომრჩეველს, ხოლო თელავის თემში 1 მანდატის ხმის წონა შეადგენს 2 000 ამომრჩეველზე მეტს.

“შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმების შემდეგ, მათი შესაბამის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შედეგად შექმნილ მუნიციპალიტეტში თემის შემადგენლობაში შემავალი ადმინისტრაციული ცენტრიდან 1, 2, 3, 4 ან თუნდაც 5 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა არ უზრუნველყოფს სამართლიან წარმომადგენლობას და კიდევ უფრო მეტ უთანასწორობას აჩენს ხმათა თანაბარწონადობის საკითხთან მიმართებაში”, – აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

წყარო: ინტერპრესნიუსი