ვეტო დაძლეულია – 7 თვითმმართველი ქალაქი უქმედება!

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტმა არ გაიზიარა და ხმათა უმრავლესობით – 94 ხმით, 5-ის წინააღმდეგ – უარყო.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების თანახმად, შვიდ თვითმმართველ ქალაქს – თელავს, ოზურგეთს, ზუგდიდს, გორს, ამბროლაურს, მცხეთასა და ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ჩამოერთმევა და ისინი სათემო მუნიციპალიტეტებს მიუერთდება. შედეგად, ქვეყანაში, ნაცვლად 12 თვითმმართველი ქალაქისა, 5 თვითმმართველი ქალაქი – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი დარჩება.

პრეზიდენტმა პარლამენტს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება შესთავაზა, თუმცა, მისი წინადადება “ქართულმა ოცნებამ” არ გაიზიარა, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს ამ ქალაქებს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი თავადვე მიანიჭა.

როგორც პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში წერდა, სახალხო სუვერენიტეტი, ემსახურება რა ხალხის ხელისუფლების განხორციელებაში მონაწილეობის უზრუნველყოფას და შედეგად, პირდაპირი, უშუალო დემოკრატიის რეალიზაციას, მმართველობის ყველა დონეზე უნდა განხორციელდეს. გიორგი მარგველშვილის შეფასებით, ეს, უპირველესად, გულისხმობს მოქალაქეთათვის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმისაწვდომობასაც.

“ხალხს უნდა ჰქონდეს გარანტირებული შესაძლებლობა, უშუალოდ ან წარმომადგენლების მეშვეობით გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები, დაიცვას საკუთარი ინტერესები, უზრუნველყოს უფლებების რეალიზაცია. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების განხორციელებაში პირდაპირი, უშუალო მონაწილეობა ადგილობრივ დონეზეა განსაკუთრებით ეფექტიანი”, – ნათქვამია პარლამენტისთვის წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში.

დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ, რაც უფრო დიდია მუნიციპალიტეტი, მით უფრო ძნელია სახელისუფლებო ორგანოების გადაწყვეტილებებსა და ბიუჯეტში სხვადასხვა დასახლების პრიორიტეტული საჭიროებების მაქსიმალურად ადეკვატურად ასახვა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ, რაც უფრო დიდია მუნიციპალიტეტი, მით უფრო იკარგება თვითმმართველობის იდეა, ადეკვატურად უპასუხოს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს, ამიტომ, თუკი მუნიციპალიტეტების გამსხვილება ხდება, მაგალითად, ევროპაში, ის ხდება მხოლოდ აუცილებელი მინიმუმის ფარგლებში.

თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ პარლამენტმა, გარდა საკანონმდებლო ცვლილებისა, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” შესაბამისად, დადგენილება მიიღო. დადგენილება თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გამოცხადებისთანავე ამოქმედდება.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება, კონკრეტულ თარიღს კი ის აგვისტოს მეორე ნახევარში გამოაცხადებს. სწორედ ამ დღიდან თელავი, გორი, მცხეთა, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი და ამბროლაური, როგორც თვითმმართველი ქალაქები, არსებობას შეწყვეტენ.

პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გასაუქმებელი ქალაქების წარმომადგენლებმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო, თუმცა, სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება კანონდარღვევით მიიღო, ვინაიდან ქალაქის თემთან გაერთიანების საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები არ გამართა, როგორც ამას “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ითხოვს. გარდა ამისა, ორგანიზაციებმა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდეს, დადგენილება ამავე მიზეზით საკონსტიტუციო სასამართლოში გაესაჩივრებინათ, ხოლო პრეზიდენტს სთხოვეს, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შემავალ ცვლილებებზე ვეტო დაედო.

როგორც ცნობილია, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევას ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორი აპროტესტებდა. ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საწყის ეტაპზე, არ იზიარებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც – ამ ქალაქების მერები და საკრებულოს წევრები. მათგან თელავის და მცხეთის საკრებულოებმა ცენტრალურ ხელისუფლებას ოფიციალურად მიმართეს და სთხოვეს, ქალაქებისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შეენარჩუნებინათ. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, შვიდივე ქალაქის, ისევე, როგორც შვიდი სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირა, თუმცა, საკრებულოს სხდომები პროტესტისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.

ამით 7 თვითმმართველი ქალაქის არსებობა სრულდება და 2006 წლის სტატუს-კვო აღდგება, როდესაც წინა სახელისუფლო პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ” ქალაქებს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი გაუუქმა. 2014 წელს აღდგენილი თვითმმართველობა ქალაქებმა ზუსტად 3 წელიწადში კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, დაკარგეს.

მსგავსი სიახლეები
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის რეიტინგში თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობს. უფრო კონკრეტულად, თბილისში გამოკითხული
წინა სტატია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალქალაქში ქართულენოვანი ბაღის გახსნის საკითხზე უახლოეს მომავალში პრემიერმინისტრს მამუკა
სტატიის გაგრძელება ნინოწმინდის მერმა აინივარდ მოსოიანმა სალომე ზურაბიშვილს, მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაში დახმარება სთხოვა.
სალომე ზურაბიშვილი იმ ახალგაზრდა მეწარმეებს შეხვდა, როლებმაც "აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ გრანტი მოიპოვეს და რეგიონში მცირე
საკმაოდ უჩვეულოა, რომ პრეზიდენტი ესწრებოდეს ამ ტიპის კონფერენციას და მე გადავწყვიტე, აქ მოვსულიყავი და დავსწრებოდი
წალენჯიხაში და ჩხოროწყუში ზვიად გამსახურდიას ბიუსტს დადგამენ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. წალენჯიხაში ზვიად გამსახურდიას ბიუსტის დასადგამად ადგილი
წინა სტატია თელავში ინაუგურაციის რეპეტიციას მოსახლეობის დაზარალება მოჰყვა. როგორც დაგეგმილი იყო ქვემეხებიდან ისროლეს, გასროლის დროს გამოწვეულმა
წინა სტატია ახლადარჩეული პრეზიდენტი მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფის პროტესტს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიწა
წინა სტატია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში
წინა სტატია გამოცემა "ინტერპრესნიუსის" ცნობით, საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ადგილად სხვადასხვა ქალაქი განიხილება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას თვითმმართველობების შესუსტებასთან დაკავშირებით
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა პარლამენტს, ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე, შეცვალოს "საარჩევნო კოდექსი" და საარჩევნო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, მთავრობა თვითმმართველი ქალაქების გაუქმების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩევლებს 21 ოქტომბრის არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდა. "ორ დღეში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაქვს
117 მომხრე, 7 წინააღმდეგი - საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია. გიორგი მარგველაშვილის
%d bloggers like this: