ანა დოლიძე: ეს არის ხელისუფლებათა დანაწილებაზე იერიშის მიტანა

934

პარლამენტში ვეტოს წარდგენა პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა. საპარლამენტო მდივანი არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, საპარლამენტო მდივნისთვის საუბრის შეწყვეტა არაერთგზის, მისთვის ხელის შეშლა, რომ მან წარადგინოს მოტივირებული შენიშვნები, ეს უკვე აღარ არის ზრდილობის საკითხი, არც ეთიკის საკითხი და არც იურიდიული საკითხი, ეს არის ჩვენი კონსტიტუციით დაწესებული ხელისუფლებათა დანაწილებაზე იერიშის მიტანა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს რიგგარეშე სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ შეუშალა ხელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს იმ შენიშვნებზე ესაუბრა, რომელიც ვეტოს ეხებოდა.

“დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არაერთხელ შეუშალა ხელი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ვინც არის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პარლამენტში, განეხორციელებინა უფლება, წარედგინა ვეტო. არაერთხელ ხელი შეუშალა საუბრის გაწყვეტით, ასევე, მცდელობით, დაეწესებინა, რისი თქმის უფლება აქვს საპარლამენტო მდივანს და რისი – არა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

“საარჩევნო კოდექსსა” და “თვითმმართველობის კოდექსთან” დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის კამათი მოჰყვა.

წყარო: ინტერპრესნიუსი