ანა დოლიძე: პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტები ეწინააღმდეგება მოქალაქეთა ინტერესებს, თვითმმართველობა დამოუკიდებლად განახორციელონ

1127

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის როგორც ძირითად, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს, ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით განახორციელონ.

პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შესახებ და თანმდევ კანონპროექტთა პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს საკითხზე მსჯელობს. ასევე განხილვის საგანია პრეზიდენტის ვეტო ”საარჩევნო კოდექში” ცვლილებების პროექტზე, რომლითაც საკრებულოებში მაჟორიტართა რაოდენობა იზრდება.

დოლიძემ პარლამენტის წევრებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააცნო და ის არგუმენტები წარმოადგინა, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტმა ორგანულ კანონზე და კანონპროექტებზე ვეტოს დადებისას იხელმძღვანელა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, წარმოდგენილ პაკეტში ყველაზე სერიოზული, მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელმაც შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე, არის ცვლილება, როდესაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შვიდ ქალაქს ერთმევა.

დოლიძის განმარტებით, თვითმმართველი ქალაქების გაუქმება გადამეტებული და არაპროპორციული ღონისძიებაა და ეს მხოლოდ მაშინ იქნებოდა მისაღები, თუ პრობლემატური სიტუაციის არსებითი გაუმჯობესების მკაფიო პერსპექტივა იარსებებდა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. მან ამ მიმართულებით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებზეც გაამახვილა ყურადღება.

მოტივირებულ შენიშვნებზე საუბრისას, მომხსენებელმა განმარტა, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებით იქმნება არათანაბარი გარემო, ქალაქს ეზღუდება შესაძლებლობა მიიღოს მუნიციპალური ბიუჯეტიდან თანხა საკუთარი პრიორიტეტების დასაფინანსებლად და ქალაქებისთვის მაჟორიტარების დამატება საარჩევნო ხმის წონის თვალსაზრისით არსებულ უთანაბრობას ვერ აღმოფხვრის.

წყარო: ინტერპრესნიუსი