პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო

787

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე აცნობს.

როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებში შესატან ცვლილებებს ვეტო 20 ივლისს დაადო.

პრეზიდენტის აზრით, როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში.

“ეს პროცესი (თვითმმართველი ქალაქების გაზრდა), თავის დროზე, შეფასდა უაღრესად დადებითად როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამ პროცესის უკან შეტრიალება არის აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელი. თვითმმართველობა არის ის ერთადერთი, რეალური, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავარი შემკვეთის – ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი, სახელმწიფო როგორ უნდა ემსახუროს თავის საზოგადოებას, არ არსებობს და ეს პროცესი პირიქით, უნდა გაღრმავებულიყო”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, პრეზიდენტმა ვეტო ცესკოს დაკომპლექტების წესის გამო დაადო. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნების ხარისხს აკნინებს და ამცირებს პლურალიზმს და ნდობას საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ.

პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკური პარტიები მოუწოდებდნენ. ისინი თვლიან, რომ პარლამენტის მიერ “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შეტანილი ცვლილებები ასუსტებს ადგილობრივ დემოკრატიას.

გარდა ამისა, გუშინ 50-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტის წევრებს მოუწოდა, გაიზიარონ პრეზიდენტის ვეტო და უარი თქვან  ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დამაზარალებელ გადაწყვეტილებაზე.

ამავე მოთხოვნით, დღეს პარლამენტს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრმა 51-მა ორგანიზაციამ მიმართა.