გამოკითხულთა 59%-ისთვის თვითმმართველი ქალაქების გაუქმება მიუღებელია

729

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59%-ისთვის მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველი ქალაქები და სათემო მუნიციპალიტეტები გაერთიანდება.

კითხვაზე, “სხვა დანარჩენთან ერთად, ცვლილება გულისხმობს, რომ ამ ადგილებში ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდება, რაც ნიშნავს, რომ ორივეს ერთი და იგივე უწყება უხელმძღვანელებს, მისაღებია თუ მიუღებელია თქვენთვის ეს ცვლილება?” – გამოკითხულთა 59%-ისთვის ცვლილება მიუღებელია, 16%-ისთვის – მისაღებია, 24%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

კვლევის თანახმად, აღნიშნულ ცვლილებას უარყოფითად აფასებს: თბილისში – 65%; სხვა დიდ ქალაქებში – 68%; პატარა ქალაქებში – 56%; სოფელში – 59%, ხოლო უმცირესობათა დასახლებებში – 29%.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ცვლილებებს ქვეყანაში უარყოფითი გავლენა ექნება, 18-ის აზრით, გავლენა საერთოდ არ ექნება, 11% აცხადებს, რომ დადებითი გავლენა ექნება, ხოლო 25%-მა არ იცის, თუ რა გავლენა ექნება ქვეყანაზე აღნიშნულ ცვლილებებს.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 44%-ს 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევის გადაწყვეტილების შესახებ არ სმენია, 52% კი აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ სმენია.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი – 9 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.

იხილეთ კვლევა სრულად