ანა დოლიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს პარლამენტში ღრმა და ხარისხიანი დისკუსიის ელემენტების შეტანას, თუმცა, საპასუხოდ კვლავ პიროვნულ შეფასებებს იღებს

1237

სამწუხაროდ, კომიტეტებმა ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომელიც ამ ცვლილებებს მოსდევს, – ასე შეაფასა პრეზიდენტის საარლამენტი მდივანმა ანა დოლიძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და თვითმმართველობის კომიტეტის გადაწყვეტილება.

ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს პარლამენტში ღრმა და ხარისხიანი დისკუსიის ელემენტების შეტანას, თუმცა, საპასუხოდ კვლავ პიროვნულ შეფასებებს იღებს, რაც, მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოს დანიშნულებებს არ წარმოადგენს.

“სამწუხაროდ, კომიტეტებმა ხელიდან გაუშვეს შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყვნენ იმ ნეგატიურ შედეგებზე, რომელიც ამ ცვლილებებს მოსდევს. იმის მაგივრად, რომ ჩვენ შინაარსობრივად გვემსჯელა ვეტოს არგუმენტებზე, მივიღეთ საუბარი, თუ რატომ იყენებს პრეზიდენტი ვეტოს უფლებას, საერთოდ რას ფიქრობს პრეზიდენტი… შესაბამისად, დისკუსია არ გაიმართა იმ ხარისხით, რასაც მოველოდით, რაც ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, განსაკუთრებით ეს ეხება იმ ადგილს, სადაც უნდა იყოს პოლიტიკური დისკუსიის მთავარი ასპარეზი.

ჩვენ ვცდილობთ, რომ პარლამენტში შემოვიტანოთ უფრო ღრმა და ხარისხიანი დისკუსიის ელემენტი, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც გადის ძალიან სერიოზული და ამავე დროს უარყოფითი ხარისხის ცვლილებები. ამის მაგივრად ვიღებთ კვლავ პიროვნულ შეფასებებს, საქართველოს პრეზიდენტის პიროვნულ დახასიათებებს, რაც არ წარმოადგენს ამ ორგანოს მთავარ დანიშნულებას”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იურიდიულ საკითხთა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტებმა არ გაიზიარეს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ადგილობრივი თვითმმართველობისა და “საარჩევნო კოდექსის“ შესახებ. კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

წყარო: ინტერპრესნიუსი