პრეზიდენტი პარლამენტს თვითმმართველ ქალაქებთან და მუნიციპალურ თემებთან დაკავშირებით არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას სთავაზობს

832

პრეზიდენტი პარლამენტს თვითმმართველ ქალაქებთან და მუნიციპალურ თემებთან დაკავშირებით არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნებას სთავაზობს. პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საკითხთა კომიტეტს აცნობს, სადაც ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან” დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ.

როგორც ანა დოლიძემ განმარტა, რაც უფრო დიდია მუნიციპალიტეტი, მით უფრო ძნელია სახელისუფლებო ორგანოების გადაწყვეტილებებისა და ბიუჯეტში სხვადასხვა დასახლების პრიორიტეტული საჭიროებების მაქსიმალურად ადეკვატურად ასახვა.

მისივე თქმით, რაც უფრო დიდია მუნიციპალიტეტი, მით მეტად იკარგება თვითმმართველობის იდეა, ადეკვატურად უპასუხოს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს.

ანა დოლიძემ პრეზიდენტის არგუმენტების წარდგენისას აღინიშნა ისიც, რომ ქვეყნის მმართველობის მაქსიმალურად ცენტრალიზებული სტრუქტურები აფერხებს მოქალაქეთა უფლებას თვითმმართველობის მეშვეობით თავად მიიღონ მონაწილეობა მათთვის აუცილებელი ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტის პროცესში.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვით ჯერ კიდევ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მქონე თელავი, ოზურგეთი, ზუგდიდი, გორი, ამბროლაური, მცხეთა და ახალციხე შესაბამის მუნიციპალურ თემებთან ერთიანდება.
”ქართული ოცნების” დეპუტატები პრეზიდენტის არგუმენტებს არ იზიარებენ. როგორც პარლამენტის წევრმა ზაზა გაბუნიამ განაცხადა, პრეზიდენტმა ვეტოთი დრო ტყუილად დაკარგა და მისი მოტივირებული შენიშვნები არის ქარის წისქვილებთან ბრძოლა.

წყარო: ინტერპრესნიუსი