ბაქრაძე: მიუხედავად უმწვავესი შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა, მზად ვართ, ხელისუფლებას უცხოელ დონორებთან მუშაობაში დავეხმაროთ, რათა ქვეყანაში მეტი დახმარება შემოვიდეს

797

წინა სტატია

მიუხედავად უმწვავესი შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ხელისუფლებას უცხოელ დონორებთან მუშაობაში, რათა ქვეყანაში მეტი დახმარება შემოვიდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.მისი თქმით, ეს ნაბიჯი პასუხისმგებლიანი ოპოზიციის ქცევის ახალი სტანდარტია.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ეს უცხოელი დონორებისთვის იქნება დამატებითი წამახალისებელი ფაქტორი იმისთვის, რომ საქართველოს დასახმარებლად მეტი თანხა გამოიყოს.

„ეს არის პასუხისმგებლიანი ოპოზიციის ქცევის ახალი სტანდარტი, როდესაც მიუხედავად უმწვავესი შიდაპოლიტიკური დაპირისპირებისა, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ ხელისუფლებას უცხოელ დონორებთან მუშაობაში, რათა ქვეყანაში მეტი დახმარება შემოვიდეს. ყველას კარგად გვესმის, რომ უცხოური დახმარებების და შიდა ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის ერთდროული პაკეტის გარეშე, ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს ამ კრიზისიდან გამოსვლას და ამის შედეგად ათობით ათასი ოჯახის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. ამიტომ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, ყველა ჩვენი რესურსი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მეტი თანხა შემოვიდეს საქართველოში და მეტ ადამიანს დავეხმაროთ. ნებისმიერი უცხოელი დონორისთვის ასეთი წერილი არის იმის სიგნალი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს ეროვნული თანხმობა და ქვეყნის დახმარება მართლაც მნიშვნელოვანია. ასეთი წერილი ნებისმიერი უხოელი დონორისთვის აუცილებლად ხდება დამატებითი წამახალისებელი ფაქტორი იმისთვის, რომ მეტი თანხა გამოიყოს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ, რომლის ადრესატებიც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარების ბანკი, EBRD, ევროპის საინვესტიციო ბანკი, Development Bank, აზიის განვითარების ბანკი, JICA არიან.

პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის წინაშე საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებელი აუცილებლობა დგას. აღნიშნულ მიმართვას 23 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 მოქალაქე იმყოფება.