ოპოზიციური პარტიები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

519

ოპოზიციური პარტიები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ, რომლის ადრესატებიც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, შვეიცარიის მთავრობა, ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, ევროპის განვითარების ბანკი, EBRD, ევროპის საინვესტიციო ბანკი, Development Bank, აზიის განვითარების ბანკი, JICA არიან.

პარტიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის წინაშე საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებელი აუცილებლობა დგას.

„კორონავირუსმა, მსოფლიო და საქართველო, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ბევრი ადამიანის სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშეა. ამ გამოწვევის დასაძლევად საჭირო გახდა და გადაიდგა ნაბიჯები, რომლებმაც უმძიმესი დარტყმა მიაყენეს ეკონომიკას. ეს ვითარება შესაძლოა კიდევ დამძიმდეს. მიღებული ზიანის მასშტაბი ჯერ კიდევ რთულად გათვლადია, თუმცა ცხადია, რომ ზიანი დიდი იქნება. ეკონომიკური კრიზისი, ასევე, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მყიფე დემოკრატიას, რომელმაც მიმდინარე წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, მნიშვნელოვან გამოცდას უნდა გაუძლოს. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური განსხვავებები ხელისუფლებასთან, რომლისგანაც, მიუხედავად კრიზისისა, ველოდებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმის განხორციელებასა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დღეს შექმნილ ვითარებას, განვიხილავთ, როგორც დემოკრატიის გაძლიერების, საერთო ეროვნული კრიზისის ფონზე, მრავალპარტიული თანამშრომლობის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთიანი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას. კერძოდ, პოლიტიკურ ძალებს შორის, სრული კონსენსუსი არსებობს იმაზე, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, საქართველოს ეკონომიკას, მნიშვნელოვანი ზომის პირდაპირი ფინანსური ინექცია სჭირდება, რათა პანდემიის მიმდინარეობისას საქართველომ შეინარჩუნოს ეკონომიკური წონასწორობა, ხოლო პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკა გადავარჩინოთ. საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებელი აუცილებლობა და როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდგომ, ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ :

“გირჩი“, “ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო მოძრაობა”, “თავისუფალი საქართველო“, “ ევროპელი-დემოკრატები“, პარტია „სამართლიანობისთვის“, მოძრაობა „ახალი საქართველოსთვის”, “გამარჯვებული საქართველოსთვის“, “კანონი და სამართალი”; „თავისუფალი დემოკრატები“, „აქართველოს პარლამენტართა საზოგადოება; „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“; „ემსახურე საქართველოს“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „საქართველო ლიდერთა შორის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“, ნატო ჩხეიძე, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შესარბილებლად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, ეს ნაბიჯები მხოლოდ დასაწყისია და მოვლენათა განვითარებასთან ერთად მთავრობა გააგრძელებს შესაბამისი ზომების მიღებას.

ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 მოქალაქე იმყოფება.