ეკონომიკის სამინისტრო იმ კომპანიებისთვის აკეთებს განმარტებას, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობისას საქმიანობის სპეციალური ნებართვა სჭირდებათ

1616

ეკონომიკის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს ეკონომიკური საქმიანობაზე, რომელიც საგანგებო პერიოდის დროს სპეციალურ ნებართვას საჭიროებს.

კერძოდ, მეწარმე სუბიექტებმა, სამშენებლო კომპანიებმა, სამშენებლო მასალებისა და საბითუმო ვაჭრობის მწარმოებელმა კომპანიებმა, რომლებსაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეეზღუდათ საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შესაბამისი პირობებით ფუნქციონირების უფლების მისანიჭებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდებიდან (www.economy.ge) უნდა ჩამოტვირთონ სარეგისტრაციო ფორმა, შეავსონ და გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე – construction@moesd.gov.ge; ხოლო თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მშენებლობის უფლების გაგრძელებისთვის უნდა მიმართონ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მისამართზე – build@tbilisi.gov.ge.

სარეგისტრაციო ფორმაში მათ უნდა წარადგინონ ინფორმაცია იმ ობიექტ(ებ)ის შესახებ, სადაც ესაჭიროებათ სამუშაოების გაგრძელება.

გარდა ამისა, მეწარმე სუბიექტებმა უნდა იკისრონ პასუხისმგებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების და წესების შესრულება-დაცვაზე.

ამის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, თბილისის შემთხვევაში კი მუნიციპალიტეტი, მოახდენს შესაბამისი ობიექტების შემოწმებას და იმ შემთხვევაში თუ დადასტურდება წარმოდგენილი ინფორმაცია, აღძრავს შუამდგომლობას საქართველოს მთავრობასთან ამ ობიექტის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შესაბამის სიაში დამატებასთან და მშენებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება გაცხადებული პირობების და აღებული ვალდებულებების შესრულება-დაცვაზე კონტროლს, მას განახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, აგრეთვე თბილისის მუნიციპალიტეტის (საქმიანობის თბილისის ტერიტორიულ საზღვრებში განხორციელების შემთხვევაში) შესაბამისი სამსახურები.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 მოქალაქე იმყოფება.