რუსთავის მერის განცხადებით, საკრებულოს წევრსა და მის ოჯახთან დაკავშირებული 50 კონტაქტია გამოვლენილი, რომელიც რისკის მატარებლად მიიჩნევა

409

წინა სტატია

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, რუსთავის საკრებულოს წევრსა და მის ოჯახთან დაკავშირებული 50 კონტაქტია გამოვლენილი, რომელიც შეიძლება რისკის მატარებლად ჩაითვალოს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საკრებულოს წევრის დედას კორონავირუსი დაუდგინდა, მათ კონტაქტების შესწავლა დაიწყეს.

მისი თქმით, ე.წ მეორეხარისხოვანი კონტაქტების როგორც მოძიება, ასევე იდენტიფიცირება დღეს დასრულდება და დადგინდება, რამდენ ადამიანთან ჰქონდათ ინფიცირებულებს კონტაქტი.

„როდესაც ვირუსი დედას დაუდასტურდა, შვილის მიმართ დადასტურებას აღარ დაველოდეთ და ამ კონტაქტების შესწავლა დავიწყეთ. თავიდან საუბარი იყო 40 კონტაქტზე და დღეს გვაქვს 50 ისეთი კონტაქტი, რომელიც შეიძლება რისკის მატარებლად ჩაითვალოს. თუმცა, შიდა სივრცეში, როდესაც ახლო კონტაქტების იდენტიფიცირება მოხდა, დაახლოებით 20 ადამიანია. როგორც ჩვენი ჯანდაცვის წარმომადგენელი გვიწევს რეკომენდაციას, ე.წ მეორეხარისხოვანი კონტაქტების მოძიება და იდენტიფიცირება დღეს დასრულდება და გვეცოდინება, ჯამში როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში რამდენ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი“, – აცხადებს ტაბაღუა.

რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ. თავდაპირველად ინფექცია დაუდასტურდა საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

რუსთავის საკრებულოს წევრების ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წევრი, რომლის დედასაც კორონავირუსი დაუდგინდა, პარასკევს სხდომაზე იმყოფებოდა.

რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი საკრებულო დაკეტილია.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა.