რუსთავის მერი: აბსოლუტურად ყველა პიროვნება იდენტიფიცირებულია, ვისაც კორონავირუსით ინფიცირებულ საკრებულოს წევრთან ჰქონდა კონტაქტი

756

წინა სტატია

შემდეგი სტატია

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მოხდა იმ პირების იდენტიფიცირება, ვისთანაც კორონავირუსით ინფიცირებულ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს ჰქონდა კონტაქტი და კონტაქტების რაოდენობის თვალსაზრისით საგანგაშო სიტუაცია ამ ეტაპზე არაა.

მისივე განცხადებით, კორონავირუსი დაუდასტურდა დეპუტატის მშობლებსაც.

როგორც რუსთავის მერმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, კამერების საშუალებით მოხდა კონტაქტების გამოვლენა და ამასთან დაფიქსირდა ისიც, რომ საკრებულოს დეპუტატი მერიის ფლიგელში არ გადასულა.

„აბსოლუტურად ყველა პიროვნება იდენტიფიცირებულია დროების მიხედვით, ვისაც ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს მასთან კონტაქტი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, დავყავით პირველი რიგის, ანუ შიდა სივრცის კონტაქტები და მეორე რიგის, ახლო კონტაქტები და ვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს. პირველი რაცაა, თვითიზოლაცია და ყველა ადამიანს შესაბამისი რეკომენდაციები აქვთ. მეორე რიგის კონტაქტები, ალბათ, უკვე ხვალ გვექნება, ესაა გარე სივრცის კონტაქტები.

კამერებიდან ჩანს, რომ ის მერიის ფლიგელში არ გადასულა და შესაბამისად, მას კონტაქტი მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომუშავე ადამიანებთან არ ჰქონია“,- აცხადებს ტაბაღუა.

რუსთავის მერის თქმით, დაინფიცირების წყარო ცნობილია და ის კორონავირუსით ინფიცირებული დეპუტატის დედაა.

რუსთავის საკრებულოს წევრს და მის მამას კორონავირუსი დაუდასტურდათ. თავდაპირველად ინფექცია დაუდასტურდა საკრებულოს წევრის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

რუსთავის საკრებულოს წევრების ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ “ქართული ოცნების” წევრი, რომლის დედასაც კორონავირუსი დაუდგინდა, პარასკევს სხდომაზე იმყოფებოდა.

რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი საკრებულო დაკეტილია.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა.