თურნავა: ამ ეტაპზე შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, ეს კომპანიები კვლავ იქნება დაშვებული

700

ამ ეტაპზე ჩვენ შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი, მაგრამ როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, აკონტროლებს თავის მუშა-მოსამსახურეებს და გვაჩვენებს რა სისტემით აკეთებს ამას, რა თქმა უნდა, ეს კომპანიები კვლავ იქნება დაშვებული, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ყველა გადაწყვეტილება სამშენებლო კომპანიების დაშვებაზე საგანგებო შტაბში განიხილება, რომლის ფორმატში სხვადასხვა უწყება ითანამშრომლებს.

„სამშენებლო სექტორი ნიშნავს დასაქმებულების მრავალათასიან არმიას, შესაბამისად დღევანდელი ვითარებიდან დანახული ეს არის ისეთი სფერო, რომელიც მომატებული რისკის მატარებელია. ამ სფეროში როგორც მსხვილი ინსტიტუციონალური კომპანიებია ჩართული, რომელთაც არ გაუჭირდებათ დღევანდელ მოთხოვნილებებზე გადაწყობა, ასევე არის ბევრი მცირე კომპანია, რომლებსაც გარკვეული დრო დასჭირდებათ ამისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ამას ყველა მოახერხებს. აქედან გამომდინარე სრულად გამართლებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

ამ ეტაპზე ჩვენ შევზღუდეთ სამშენებლო სექტორი, მაგრამ როგორც კი ჩვენ დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია ასრულებს დადგენილ გაიდლაინებს, აკონტროლებს თავის მუშა-მოსამსახურეებს და გვაჩვენებს რა სისტემით აკეთებს ამას, რა თქმა უნდა, ეს კომპანიები კვლავ იქნება დაშვებული და გააგრძელებენ საქმიანობას. ჩვენი ამოცანა არ არის მათი შეზღუდვა, ჩვენი ამოცანაა დავრწმუნდეთ, რომ ისენი უზრუნველყოფენ თავიანთი მუშა-მოსამსახურეების და გარშემომყოფების უსაფრთხოებას. საბოლოო ჯამში, ყველა გადაწყვეტილება სამშენებლო კომპანიების დაშვებაზე მიიღება საგანგებო შტაბში, მათთან ერთად,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, 2020 წლის 30 მარტს გამოცემულ 204-ე დადგენილებათ საქართველოში გამკაცრდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომები.

მთავრობის დადგენილებაში ჩამოთვლილია ის საწარმოები და ობიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამონაკლისის სახით შეუძლიათ მუშაობა. დასაშვებ საქმიანობებს შორის არის საკვების მიტანის სერვისი. შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ სხვა სახის პროდუქციის მიტანა შეჩერებულია, რის გამოც არაერთმა კომპანიამ, მათ შორის ტექნიკის მსხვილმა კომპანიებმა, განაცხადა, რომ პროდუქციის მიტანის შეჩერება მოუწიათ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.