ახალციხეში მანქანებს სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ, მგზავრებს კი თერმოსკრინინგი უტარდებათ

398

ახალციხეში როგორც ქალაქიდან გასულ, ისე შემოსულ მგზავრებს, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, პირველ რიგში შსს–ს თანამშრომლები ამოწმებენ, შემდეგ კი თერმოსკრინინგის გასავლელად სპეციალურად გაშლილ კარავში შეჰყავთ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალციხეში ორი საკონტროლო გამშვები პუნქტიდან ერთი საბარგო სადგურის ტერიტორიაზე, მეორე კი ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ გზაზეა.

როგორც ქალაქიდან გასულ, ისე შემოსულ მგზავრებს, პირველ რიგში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამოწმებენ. ქვეყანაში მოქმედი საყოველთაო კარანტინის გამო, მანქანაში სამზე მეტი პირის ყოფნა და ასევე მძღოლის გვერდზე ჯდომა იკრძალება. პოლიცია სწორედ ამას აკონტროლებს.

აღნიშნული რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში პირი ჯარიმდება. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ორი დღის განმავლობაში მოქალაქეებს გააფრთხილებენ და დაჯარიმებას შემდეგ დაიწყებენ.

მაგალითად დღეს, პირველ აპრილს საბარგო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ საკონტროლო პუნქტზე პატრულმა გააჩერა მანქანა, სადაც მგზავრი მძღოლის გვერდით იჯდა.

მძღოლმა პოლიციას უთხრა, რომ მათ არ იცოდნენ ამ შეზღუდვის შესახებ.

„ახალაქალაქიდან ჩამოვედით, არ ვიცოდი რომ ეს არ შეიძლებოდა, საავადმყოფოში გვაქვს საქმე. ვიცოდი რომ პირბადე უნდა მკეთებოდა და მიკეთია კიდეც“,- გვითხრა მძღოლმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელბმა მძღოლს გაფრთხილება მისცეს. პრესსამსახურში კი გითხრეს, რომ პირველ ჯერზე, რადგან ეს ინფორმაცია ახალია მოქალაქეებს აფრთხილებენ და აკრძალვას აცნობენ.

ავტომობილის შემოწმების შემდეგ, მგზავრები თერმოსკრინინგს გადიან. ამას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

პროცედურის გავლისთვის მგზავრები რიგ-რიგობით შედიან სპეციალურად გაშლილ კარავში, სადაც შესაბამისი აღჭურვილობით თავდაცვის ძალების თანამშრომელები თერმოსკრინინგს უტარებენ, სიცხეს უზომავენ და ეკითხებიან ბოლო ორი კვირის განმავლობაში რაიმე ხომ არ აწუხებდათ. ამის შემდეგ პირები ტოვებენ პუნქტის ტერიტორიას. მანამდე კი სადეზინფექციო ხსნარით გარედან მუშავდება მანქანა.

იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომი აქვს, სიცხე ან სხვა რამ, მას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

31 მარტიდან პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის, თელავისა და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით  კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

პირს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.

ამოქმედდა ცხელი ხაზი – 144, სადაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე უპასუხებენ.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.