პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ

582

პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მოქალაქეებს ტემპერატურას ქალაქებთან მოწყობილ სპეციალურ ბლოკ-საგუშაგოზე უზომავენ.

„თუ ავტომობილის მგზავრს ან მგზავრებს, რომლებიც ქალაქებს შორის გადაადგილდებიან და ქალაქის შესასვლელში განთავსებულ ბლოკ-პოსტზე თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ანამნეზის შეფასების შემდეგ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც ჩაუტარდებათ ტესტირება“, – განაცხადეს  ჯანდაცვის სამინისტროში.

რაც შეეხება ავტომობილის იმ მგზავრებს, რომლებსაც ტემპერატურა არ ექნებათ, უწყების თქმით, ისინი დროებით, ტესტის პასუხებამდე, იზოლაციაში იქნებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, 37.5 და ზევით ტემპერატურა, მედიკოსებისთვის უკვე განგაშის სიგნალია, მოქალაქე კვლევისთვის კლინიკაში გადაიყვანონ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.