დავით ნარმანია: კონკრეტული გადაწყვეტილება “ელიავას ბაზრობის” ტერიტორიასთან დაკავშირებით მიღებული არ არის

751

მიმდინარე კვირას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის სამი საჯარო განხილვა გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის გენერალური გეგმის განხილვა მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდება, შემდგომ კი დაგეგმილია შეხვედრები დეველოპერებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან და ასევე, განხილვები მოეწყობა თბილისის საკრებულოში, რომელზეც “ელიავას ბაზრობის” ტერიტორიის მფლობელებიც იქნებიან მიწვეული.

”ხვალ განხილვა გაიმართება სამხატვრო აკადემიაში, ხუთშაბათს დაგეგმილია განხილვა მეცნიერებათა აკადემიაში, ხოლო პარასკევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროფესორების, სპეციალისტების მონაწილეობით მაქსიმალურად ფართო მიზნობრივ ჯგუფებთან ერთად განვიხილავთ. ამის შემდეგ ვაპირებთ დეველოპერებთან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას, ხოლო რაც შეეხება დედაქალაქის საკრებულოს, საკრებულოში ასევე გაიმართება საჯარო განხილვა. ამ განხილვაზე, რასაკვირველია, როგორც ჩვენ დავპირდით “ელიავას ბაზრობის” წარმომადგენლებს, მოვიწვევთ და ამაზეც იქნება მსჯელობა და დისკუსია, რადგან კონკრეტული გადაწყვეტილება “ელიავას ბაზრობის” ტერიტორიასთან დაკავშირებით მიღებული არ არის. ჩვენ გვინდა ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ არავინ დაზარლდეს და ქალაქმაც სიკეთე მიიღოს. შესაძლოა, მას სარეკრეაციო ზონის სტატუსი ჰქონდეს და ამავდროულად სწორი ფუნქციით განვითარდეს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით განხილვები საკრებულოში, არქიტექტურის კავშირში და ტექნიკურ უნივერისტეტში უკვე გაიმართა. ტექნიკურ უნივერისტეტში გამართულ შეხვედრას “ელიავას ბაზრობის” ტერიტორიის მფლობელებიც ესწრებოდნენ, რომლებიც არ იზიარებენ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის შეხედულებას, რომ ეს ტერიტორია მთლიანად სარეკრეაციო ფუნქციით განვითარდეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი