ახალციხეში აქცია „გახდი ქველმოქმედი“ მიმდინარეობს

922

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ქალაქ ახალციხეში არსებული სუპერმარკეტის ერთობლივი ინიციატივით, შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად აქცია „გახდი ქველმოქმედი“ მიმდინარეობს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სუპერმარკეტებში მოწყობილია სპეციალური კუთხეები, სადაც მსურველებს უმწეო ოჯახების დასახმარებლად საკუთარი წვლილის შეტანა შეუძლიათ. როგორც მერიაში აცხადებენ, ახალციხის მცხოვრებლები უკვე მეორე დღეა აქტიურად უერთდებიან აქციას, საკუთარ შენაძენთან ერთად, მათთვისაც იძენენ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს და სპეციალურად გამოყოფილ ყუთში ათავსებენ.

„საქველმოქმედო კუთხეები განთავსებულია სუპერმარკეტებში: შპს თოკ-მარი-კოსტავას № 163/49, შპს პოპულარი-რუსთაველის № 66, მაგნიტი-რუსთაველის №71, ი/მ ზურაბ დურგლიშვილი (ზურების მაღაზია)-რუსთაველის № 93, შპს ჯიბე-თამარაშვილის მიმდებარე ტერიტორია, შპს სამი-თამარაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, „ალფა მარკეტში“, წისქვილი-თამარაშვილის №12, შპს ნინო-თამარაშვილის №41, ბორჯომი1-თამარაშვილის №6, ბორჯომი2-თამარაშვილის №6, შპს მაგნიტი-თამარაშვილის მოედანი, ი/მ გულნაზი აფრიამაშვილი-კოსტავას №1“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ სავაჭრო ობიექტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა და საკვები პროდუქტების შეგროვების პროცესს გაეცნო. გურამ მელიქიძემ მოქალაქეებსა და სუპერმარკეტების ხელძღვანელებს გამოჩენილი აქტიურობისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.