ომბუდსმენი ქვემო ქართლის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მათ კარანტინის დასრულების შესახებ ცრუ შეტყობინებებს უგზავნიან

320

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქვემო ქართლის მოსახლეობას მიმართავს.

ომბუდსმენის განცხადებით, სოციალური ქსელებით და სატელეფონო შეტყობინებებით ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობას ეგზავნება დეზინფორმაცია, თითქოს კარანტინის რეჟიმი დასრულდა, რაც სიცრუეა.

„სოციალური ქსელებით და სატელეფონო შეტყობინებებით ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობას ეგზავნება დეზინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა, რაც სიცრუეა!!!

ძვირფასო მოქალაქეებო, მოვუსმინოთ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს, მივყვეთ რეკომენდაციებს და ნუ ავყვებით დეზინფორმაციას. #დარჩისახლში
აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი უწყებების ინფორმირება უკვე მოვახდინეთ.

‼️Sosial şəbəkələr və telefon mesajları vasitəsi ilə Kvemo Kartlidə yaşayan əhaliyə yalan məlumat göndərilir ki, guya karantin rejimi ləğv olundu, bu yalandır!!!
Dəyərli vətəndaşlar, mlumatları rəsmi mənbəələrdən alaq, tövsiyyələri dinləyək və onlara riyayət edək, dezinformasiyaya inanmayaq. #Evdəqal
Bunla bağlı müvafiq qurumlara artiq məlumat vermişik“, – წერს “ფეისბუქში” ნინო ლომჯარია.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.