შიდა ქართლში თერმოსკრინინგი 5 ათასზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა

438

მშვიდ ვითარებაში ჩაიარა ღამემ შიდა ქართლში. პირველადი თერმოსკრინინგი 5 000-ზე მეტ მოქალაქეს ჩაუტარდა. მაღალი ტემპერატურის მქონე პირები გადამოწმების მიზნით ცხელების მართვის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა გართულებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული ზომების დარღვევის 30 შემთხვევა დაფიქსირდა, დამრღვევებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში ჯარიმა დაეკისრა.საგანგებო- საოპერაციო შტაბის ხელმძღვანელი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ და წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში არსებულ მაღაზიებში ონლაინ ვერაფერს იყიდით, გარდა საკვები პროდუქტებისა.

ამის შესახებ საუბარია 2020 წლის 30 მარტს გამოცემულ 204-ე დადგენილებაში. აღნიშნული დოკუმენტით საქართველოში გამკაცრდა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული ზომები.

მთავრობის დადგენილებაში ჩამოთვლილია ის საწარმოები და ობიექტები, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამონაკლისის სახით შეუძლიათ მუშაობა. დასაშვებ საქმიანობებს შორის არის საკვების მიტანის სერვისი. შესაბამისად, ეს გულისხმობს, რომ სხვა სახის პროდუქციის მიტანა შეჩერებულია, რის გამოც არაერთმა კომპანიამ, მათ შორის ტექნიკის მსხვილმა კომპანიებმა, განაცხადა, რომ პროდუქციის მიტანის შეჩერება მოუწიათ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.