გახარია: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას

662

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, რადგან ამას თავისი შემდგომი შედეგები მოჰყვება ბავშვებისთვისაც, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისაც, თუმცა ასეთი საკითხი დღის წესრიგში დგას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ “იმედის” ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დისტანციური განათლება ვერ შეცვლის სრულფასოვან საკლასო განათლებას, მაგრამ ამ მდგომარეობაში, როდესაც სხვა გამოსავალი არ არის, დაიწყო ზრუნვა დისტანციური განათლების განვითარებაზე.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამყარო იცვლება და მსგავსი ბრძოლები და გამოწვევები ადამიანს აიძულებენ, საერთოდ შეცვალოს ქცევის მოდელები. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ განათლებას, მერწმუნეთ, ეს შეეხება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. ეს შეეხება ადამიანის ყოფის ყველა სფეროს, რადგან ეს არის გამოწვევა, რომელთან ადაპტაციაც ერთმნიშვნელოვნად მოგვიწევს და დღეს ვერავინ იტყვის, ჩვენ ამ ბრძოლაში ყოფნა მოგვიწევს ერთი თვე, ერთი წელი, თუ ორი წელი, სხვადასხვა შეფასება არსებობს. ეს ჩვენთვის ნიშნავს ერთ რამეს – ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, რათა მსგავსი ბრძოლების პირობებში გავაგრძელოთ ყოველდღიური ცხოვრება, ეკონომიკამ განაგრძოს ზრდა, განვაგრძოთ განათლების მიღება, ისევე, როგორც ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა უნდა განაგრძოს თავისი სრულფასოვანი ფუნქციის შესრულება. მესმის, რომ ეს შეიძლება დღეს გასააზრებლად მძიმე იყოს, მესმის, რომ ამის თქმაც შეიძლება საკმაოდ თამამი იყოს, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, ვიყოთ ღია და ობიექტური შეფასების საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 130 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 26 უკვე გამოჯანმრთელდა.