მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სასურსათო პროდუქტები ურიგდება

544

მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას სასურსათო პროდუქტებს ურიგებენ.

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლება ადგილობრივი ბიზნესის დახმარებით, დღეს კიდევ 1300 ოჯახს გადასცემს დახმარებას.

„ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება არის ოჯახების დახმარება. სოციალურად დაუცველ ოჯახებს სხვადასხვა მიმართულებით ვეხმარებით. დახმარება უკვე მიიღო 1300-ზე მეტმა ოჯახმა, დღეს დამატებით 1300 ოჯახს გადავცემთ და დღის ბოლოს უკვე მარნეულში 2600 ოჯახი მიიღებს დახმარებას ჩვენგან. სხვადასხვა სახის პროდუქცია არის. ვეხმარებით საბავშვო საკვებითაც, მედიკამენტებითაც. ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება მარნეულში და მასში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ბიზნესი“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

მისი თქმით, ამისთვის თანხები მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდანაც არის გამოყოფილი.

„ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან, სარეზერვო ფონდიდან 100 000 ლარი გვაქვს გამოყოფილი ამ ყველაფრისთვის, რომ რთულ პერიოდში მარნეულში დავეხმაროთ ყველა ოჯახს, რომელსაც არ აქვს საშუალება, რათა პროდუქტების პრობლემა არ ჰქონდეთ“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.