კახეთის რეგიონში მოწყვლადი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება მიმდინარეობს

686

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრმა „World Vision“ საქართველოს მხარდაჭერითა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის კოორდინირებით, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვების და მათი ოჯახების დახმარება დაიწყო.

დღეს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა და კახეთის განვითარების ცენტრის დირექტორმა ნანა ათუაშვილმა სოფელ ენისელში სამიზნე ოჯახები მოინახულეს, რომლებსაც სასურსათო კალათები და ჰიგიენური ამანათები გადასცეს.

„World Vision“ საქართველოს მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში პირველ ეტაპზე, ამანათები თელავის, გურჯაანის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ 300 ოჯახს გადაეცემა.

აღნიშნულ ინფორმაციას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.