მარნეულის მერი: თერმოსკრინინგის პროცესში უკვე 92 ათასი ადამიანია შემოწმებული

451

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ზაურ დარგალის განცხადებით, საველე ჰოსპიტალში 6 ადამიანი იმყოფება, რომელთაგანაც ორის ანალიზის პასუხი კორონავირუსზე დღეს გახდება ცნობილი, ხოლო დანარჩენი ოთხის – ხვალ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თერმოსკრინინგის პროცესში უკვე 92 ათასი ადამიანია შემოწმებული.

“ამ ეტაპისთვის თერმოსკრინინგის პროცესში უკვე 92 ათასი ადამიანია შემოწმებული. დარჩა ქალაქი მარნეული, ასევე ოთხი ადმინისტრაციული ერთეული. ალბათ, ორ დღეში პირველ ეტაპს მთლიანად დავასრულებთ. საველე ჰოსპიტალში 6 ადამიანი იმყოფება, აქედან 2 ადამიანის ანალიზის პასუხი დღეს იქნება, დანარჩენი ოთხის – ხვალ“,-აცხადებს დარგალი.

მისი თქმით, კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევასთან დაკავშირებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. „უკვე დადგენილია ის ადამიანები, ვისაც აღნიშნულ ქალბატონთან ჰქონდა კომუნიკაცია. ისინი თვითიზოლაციაში არიან და დანარჩენ წყაროებთან დაკავშირებით მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს“,-აცხადებს დარგალი.

მისი თქმით, მოსახლეობის საკვები პროდუქტებით მომარაგებასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არის.

„ბანკებთან დისციპლინა არის, მოსახლეობა დისტანციას იცავს. მარაგებთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არის. იცით, რომ გუშინ 9 საათიდან დილის 06:00 საათამდე „კომენდანტის საათი“ ამოქმედდა და მარნეულში სრული სიწყნარე იყო“,-აცხადებს ზაურ დარგალი.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. ყველა დაწესებულებას, გარდა სააფთიაქო ქსელის, სასურსათო მაღაზიებისა და ბენზინ გასამართი სადგურებისა, მუშაობა აეკრძალა, თუმცა, მუშაობის ნება დაერთოთ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე საწარმოებს, რომლებიც თანამშრომლებს, თავიანთი ტრანსპორტით მოემსახურება.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.

ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.