შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული: კომენდანტის საათის განმავლობაში არც ერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა

410

ე.წ. კომენდანტის საათის განმავლობაში შიდა ქართლში არც ერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა. მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, სტაციონარული საგუშაგოების გარდა, პოლიციის 60-მდე მობილური ჯგუფი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს რეგიონში არსებულ ვითარებას.

„წუხანდელმა ღამემ რეგიონში მშვიდობით ჩაიარა, არ იყო რაიმე გართულებები. მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონის მოსახლეობას, რომ მოქალაქეები სრული გაგებით მოეკიდნენ მთავრობის მიერ დადგენილ გამკაცრებულ პირობებს. რაც შეეხება საგუშაგოებს და ამ საგუშაგოებზე განხორციელებულ თერმოსკრინინგს, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ტემპერატურის, ყველა მსგავსი პაციენტი გადაყვანილია ტემპერატურის მართვის შესაბამის დაწესებულებებში და ამ დროისთვის, რაიმე გართულება არ შეინიშნება. სრულად კონტროლდება სიტუაცია რეგიონში შესაბამისი სამსახურების მიერ.

სტაციონარული საგუშაგოების გარდა, რეგიონის მთელ ტერიტორიაზე, ოთხივე მუნიციპალიტეტში, მუდმივ რეჟიმში გადაადგილდებიან შესაბამისი მობილური ჯუფები. დაახლოებით 60-მდე ჯგუფი მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს რეგიონში არსებულ ვითარებას, მათთან კოორდინირებულ მუშაობას ვეწევით და რაიმე კითხვის, ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში დროულად ვახდენთ რეგირებას”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 23 უკვე გამოჯანმრთელდა.