ვის ჩაუტარდება კორონავირუსზე ტესტირება – ახალი პროტოკოლი

704

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, დამტკიცდა კორონავირუსზე ტესტირების ახალი პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, ტესტირებას გაივლიან ისეთი პირებიც, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებათ, მაგრამ ჰქონდათ სარისკო ქცევა ან არ აქვთ რისკის ფაქტორები, მაგრამ გამოეხატათ სიმპტომები.

განახლებული პროტოკოლის შესახებ, თენგიზ ცერცვაძემ „რუსთავი 2-ის” ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, იმ პირობებში, როცა ქვეყანში დაიწყო ინფექციის შიდა გადაცემა და პაციენტი რიგ შემთხვევაში ვერ ასახელებს ვისგან დაინფიცირდა, პროტოკოლში ცვლილებების შეტანა საჭირო იყო.

„დღემდე მოქმედი [პროტოკოლი] გულისხმობდა მხოლოდ იმ პირების ტესტირებას, რომლებსაც მწვავე რესპირაციული ინფექციის სიმპტომები ჰქონდა და მეორე აუცილებელი პირობა იყო, რომ ამ პიროვნებას რისკის შემცველი ქცევები უნდა ჰქონოდა: მას უნდა ემოგზაურა ბოლო 14 დღის მანძილზე მაღალი რისკის ქვეყნებში, ან მიეღო სტუმარი ამ ქვეყნებიდან, ან ყოფილიყო კონტაქტში ავადმყოფებთან. სხვები ტესტირებას არ ექვემდებარებოდნენ. ეს პროტოკოლი შეკავების ფაზაში საკმარისი იყო, როცა ყველა დაინფიცირებულის კონტაქტი დროულად იყო გამოკვლეული.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, მოქალაქეებს ტესტირება სამი პაკეტის შესაბამისად ჩაუტარდებათ. ძალაში რჩება აქამდე მოქმედი პაკეტიც.

ამ ალგორითმში შეიქმნა სამი პაკეტი – ის პირები, რომლებიც აქამდე ექვემდებარებოდნენ ტესტირებას, კვლავ ექვემდებარებიან ტესტირებას.
მეორე პაკეტი – უსიმპტომო პირები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, მაგრამ რისკის ქცევები ჰქონდათ. მაგალითად, პიროვნებას არ აქვს სიმპტომები, მაგრამ ის ამბობს, რომ იმოგზაურა იტალიაში, ან უმასპინძლა იტალიელ სტუმრებს, ან კონტაქტი ჰქონდა ავადმყოფებთან – ეს პიროვნება ექვემდებარება გამოკვლევას. ამ პაკეტის წევრები არიან ჯანდაცვის მუშაკებიც.

მესამე პაკეტში არიან პირები, რომლებიც მკურნალობენ საავადმყოფოებში, ან იმყოფებიან ბინაზე და არ აქვთ რისკის ფაქტორები. ის შეიძლება ახველებდეს, ჰქონდეს მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, მაგრამ არსად უმოგზაურიათ და არც ავადმყოფთან შეხება არ ჰქონიათ”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ამავე პროტოკოლში დეტალურად არის გაწერილი, სად უნდა ჩატარდეს გამოკვლევა მოლეკულური მეთოდით და სად სწრაფი ტესტებით.

ცერცვაძის თქმით, პროტოკოლის ცვლილებაში ყველა ექსპერტი და სპეციალისტი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 22 უკვე გამოჯანმრთელდა.