იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია

679

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებს სრულად უნაზღაურდებათ ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც მათ ფულადი დახმარება შეჩერებული ჰქონდათ.

ასევე, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადაში, სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმებას არ განახორციელებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება მოთხოვნილი იქნება უშუალოდ ოჯახის მიერ.

მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით სააგენტო უწყვეტად გააგრძელებს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემას. აღნიშნული ვრცელდება 2020 წლის 1-ლი იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც. ამასთანავე, ამ პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალება ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებარება უკან დაბრუნებას.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 22 უკვე გამოჯანმრთელდა.