ქალაქ ბორჯომში არსებულ ავტომოსაცდელებზე, სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა

694

ქალაქ ბორჯომში არსებულ ავტომოსაცდელებზე, სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა,

ასევე, ბორჯომში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქუჩების რეცხვა-დეზინფექცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

“ყოველ დილით სპეციალური ხსნარებით მუშავდება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, სანაგვე ურნები და ა.შ. დეზინფექცია უტარდება ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს და მათ გარე სივრცეებს”- ამბობენ მერიაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით სპეციალური 9 მუნიციპალიტეტის – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, ახალციხისა და თელავის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 22 უკვე გამოჯანმრთელდა.