ქადაგიშვილი: ვაფრთხილებთ ყველა მევენახეს და კომპანიას, რომ მუშების გადაადგილება უნდა შეესაბამებოდეს არსებულ რეგულაციებს

420

დღეიდან კახეთში ოპერატიული შტაბი მუშაობას საგანგებო რეჟიმში იწყებს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში შესაბამისი უწყებების პირველ პირებათან ერთად, დისტანციურ რეჟიმში ახალი რეგულაციებით გათვალისწინებულ მითითებებსა და გეგმებზე იმსჯელა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, მთავრობის მეთაურის განცხადების შემდეგ,რეგიონში გასამკაცრებელ პრევენციულ ზომებზე მითითება უკვე გასცა ძალოვანებთან,ჯანდაცვის წარმომადგენელებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან. მისივე თქმით,იქიდან გამომდინრე, რომ კახეთის რეგიონში,სასოფლო- სამეურნეო საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული, გამოყოფილია ორი ძირითადი მიმართულება. სოფლის მეურნეობაზე და ინფრასტუქტურულ სამუშაობზე დასაქმებული თანამშრომლების მუდმივი თერმოსკრინინგი. ასევე, აუცილებლად გასათვალისწინებელია სხვა რეგიონიდან ჩამოსული მუშების საცხოვრებელი ფართის და მათი ობიექტებამდე გადაადგილების საკითხი.

“კახეთში აქტიურად მიმდინარეობს სასოფლო- სამეურნეო სამუშაოები . რა თქმა უნდა, არ უნდა შევაჩეროთ სამუშაოები. ვაფრთხილებთ ყველა მევენახეს და კომპანიას, რომ იქ მუშა ხელის გადაადგილება და მუშების საკვების მიღების და დასვენების პირობები უნდა შეესაბამებოდეს არსებულ რეგულაციებს . ყველას უკვე მიცემულის აქვს მკაფიო დავალება, რომ მუშები, რომლებიც ინფრასტრუქტურულ და სოფლის მეურნეობის სამუშაოების შესასრულებლად გამოდიან, მათაც უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ელემენტარულად პირბადეები მათი დილის თერმოსკრინინგი თავად სამშენებლო კომპანიამ უნდა უზრუნველყოს. სხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანების საცხოვრებელი პირობები სტანდარტებს შეესაბამისი უნდა იყოს.ერთ სივრცეში არ უნდა ცხოვრობდეს დაშვებულ რაოდენობაზე მეტი პირი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.