EMC საგანგებო მდგომარეობის დროს მარნუელში მოსახლეობის დაჯარიმებას ეხმიანება

660

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა დაჯარიმების პროცესში გამოვლენილ სავარაუდო  თვითნებობის ფაქტებს და მოუწოდებს პოლიციას თემზე და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები მიიღოს.

EMC-ს მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია, რომ მათ მიერ ჩაწერილ ახსნა-განმარტებებში და ასევე მედიასთან მიცემულ კომენტარებში მოქალაქეები უთითებენ, რომ შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან მათი დაჯარიმება უსაფუძვლოდ და თვითნებურად მოხდა.

“ოფიციალური ინფორმაციით, გასული დღეების მანძილზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის საფუძვლით ასეულობით მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დააჯარიმეს. დაჯარიმების შემთხვევები გამოვლინდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. თუმცა, ადგილობრივები ჩვენ მიერ ჩაწერილ ახსნა-განმარტებებში და ასევე, მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში უთითებენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში მათი დაჯარიმება მოხდა უსაფუძვლოდ და თვითნებურად. მათი განმარტებით, ცალკეულ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლებისთვის აღქმადი უნდა ყოფილიყო, რომ ისინი არ არღვევდნენ საკარანტინო ღონისძიებებს, ქუჩაში მხოლოდ საკვები პროდუქტის შეძენის მიზნით გადაადგილდებოდნენ და 10 კაცზე მეტნიც არ იყვნენ საჯარო სივრცეში, თუმცა, პოლიციის თანამშრომლებმა ეს გარემოება არ გაითვალისწინეს და მოქალაქეები დაუყოვნებლივ დააჯარიმეს. ზოგიერთ შემთვევაში დაფიქსირდა არაეთიკური ენის გამოყენების ფაქტებიც.

მაგალითად, სოფელ შულავერის მაცხოვრებელი მ. ნ.-ს განმარტებით, მას საგანგებო მდგომარეობა არ დაურღვევია და სოფელში არსებულ მაღაზიასთან პროდუქტის შეძენის მიზნით იმყოფებოდა, რა დროსაც ის პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა. მ.ნ.-ს განმარტებით, იგი მოხუც დედასთან და მცირეწლოვან ძმისშვილთან ერთად ცხოვრობს. დედამისი ქრონიკული დაავადებით არის დაავადებული და 28 მარტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა, ხოლო შემდგომ ოჯახის წევრებისთვის საჭმელი მოამზადა და პურის შეძენის მიზნით, მაღაზიაში წავიდა. მისი თქმით, მაღაზიასთან მისულმა ნახა, რომ მაღაზიის მეპატრონე ადგილზე არ იყო და მეპატრონის მოსვლამდე მაღაზიასთან გაჩერდა, სადაც აგრეთვე იმყოფებოდა მისი ორი თანასოფლელი, ასევე პროდუქტის შეძენის მიზნით.  მ.ნ.-ს თქმით, ადგილზე პოლიციის ოთხი თანამშრომელი მივიდა და მას პოლიციის განყოფილებაში გაყოლა მოსთხოვა. მ. ნ.-ს განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა არ გაითვალისწინეს მისი მითითება, რომ მაღაზიაში პურის საყიდლად იყო გამოსული და სახლში ავადმყოფი დედა და მცირეწლოვანი ძმისშვილი ელოდებოდნენ. მისი თქმით, პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღნიშნულ განმარტებაზე უთხრა “ფეხებზე მკიდია რისი ყიდვა გინდოდა, არ მაინტერესებს, შენმა ოჯახის წევრებმა ქვა შეჭამონო” და შეაგინა”, – EMC-ს განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ აღნიშნულ პირთან ერთად, შულავრის პოლიციის განყოფილებაში დააჯარიმეს მისი ორი თანასოფლელიც.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი წერს, რომ მ.ნ.-ს განმარტებით, მან პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ ქართულად წერა-კითხვა არ იცოდა, ამიტომ შედგენილი ოქმის გაცნობას ვერ შეძლებდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ოქმის თარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე არ უზრუნველყვეს.

“სოფელ შულავერის პოლიციის განყოფილებაში მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 3000 ლარით დააჯარიმეს. დააჯარიმეს მისი ორი თანასოფლელიც.  მ.ნ.-ს განმარტებით, მან პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ ქართულად წერა-კითხვა არ იცოდა, ამიტომ შედგენილი ოქმის გაცნობას ვერ შეძლებდა, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ოქმის თარგმნა მისთვის გასაგებ ენაზე არ უზრუნველყვეს,”- წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია მარნეულში შექმნილ მძიმე სოციალურ ფონზეც საუბრობს.

“შემდგომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ ადგილობრივები სოფლებში შექმნილ მძიმე სოციალურ პრობლემებზე საუბრობენ. ამ მუნიციპალიტეტებში ისედაც სუსტია სოციალური ინფრასტრუქტურა, სერვისები და რესურსები, თუმცა, შექმნილ ვითარებაში, როცა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო ოჯახების დიდი ნაწილი ვეღარ ახერხებს მუშაობას და იმ მინიმალური დღიური შემოსავლების მიღებას, რომელიც მათ მანამდე ჰქონდათ, ადგილობრივების სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ამასთან, მოქალაქეები განმარტავენ, რომ კარანტინის დაწესების შემდგომ სოფლებში ზოგიერთ პროდუქტზე ფასი გაიზარდა, რის გამოც მათ შეძენას ვერ ახერხებენ. ამ დრომდე სახელმწიფოს არც ამ მუნიციპალიტეტებში, და არც მთლიანობაში ქვეყანაში, არ ატარებს დასაქმების და საარსებო მინიმუმის გარეშე დარჩენილი ოჯახების სოციალური მხარდაჭერის სპეციალურ პოლიტიკას. ამგვარი პოლიტიკა არ აქვთ არც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. მათი სოციალური მხარდაჭერის პროგრამები ფრაგმენტულია და შეზღუდულია ბენეფიციარების წრით.

“მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, სადაც მათ შორის, პრობლემურია სახელმწიფო უწყებების სათანადო კომუნიკაცია და საკარანტიო რეჟიმის წესებისა და პირობების შესახებ ინფორმაციის ადგილობრივ თემებამდე მათთვის გასაგები ენაზე მიტანა, სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ რეპრესიული მიდგომების გამოყენება და ზოგიერთ შემთხვევაში სავარაუდო თვითნებური მოპყრობა, წინააღმდეგობაში მოდის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან,”- წერია განცხადებაში.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს:

საქართველოს მთავრობას, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერიას

  • გაითვალისწინონ საგანგებო მდგომარეობის გამო დასაქმების და ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახებისა და მოქალაქეების სოციალური და ჰუმანიტარული საჭიროებები და უზრუნველყონ მათი სოციალური მხარდაჭერის სამართლიანი და მდგრადი პროგრამები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

  • საგანგებო მდგომარეობის პირობებში მისი საქმიანობა კანონის უზენაესობის მოთხოვნასთან ერთად, თემის სოციალური ინტერესების, კონტექსტის და ნდობის ფაქტორებს დააფუძნოს;
  • შეისწავლოს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან გადაცდომის შემთხვევები და უზრუნველყოს სათანადო სამართლებრივი რეაგირება;
  • უზრუნველყოს პოლიციის თანამშრომელთა მიერ არაეთიკური ქცევის და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევების პრევენცია და ამ კუთხით პროაქტიული ნაბიჯები გადადგას;
  • უზრუნველყოს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის მათთვის გასაგებ ენებზე კარგად ორგანიზებული ინფორმირება გასატარებელი საკარანტინო ზომებისა და მოსალოდნელი სანქციების შესახებ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.