გორში სპეციალური გამშვები პუნქტი 5 ადგილას მოეწყო

565

გორის შესასვლელებთან საგანგებო მდგომარების გამკაცრებული ზომების ფარგლებში სპეციალური გამშვები პუნქტები შეიქმნა. საერთო ჯამში, გორში 5 ადგილას პოლიცია და სამხედრო პირები კონტროლს უწევენ მოქალაქეების გადაადგილებას. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

საყოველთაო კარანტინის ფარგლებში მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებითა და ტაქსებით გადაადგილებაა შესაძლებელი,თუმცა ამ შემთხვევაშიც ავტომობილში სამი ადამიანის ყოფნა შეიძლება, აქედან ორი მგზავრი უკანა სავარძელში უნდა იჯდეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით 7 მუნიციპალიტეტის – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის, შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. ასევე გამშვები პუნქტები მოეწყობა ახალციხისა და თელავის მუნიციპალიტეტების შესასვლელებშიც.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.