კახეთის სახელმწიფო რწმუნებული დამსაქმებლებს სპეციალური წესების დაცვისკენ მოუწოდებს

377

სატრანსპორტო საშუალებაში, რომლითაც მუშახელის ტრანსპორტირება განხორციელდება, არ უნდა იმყოფებოდეს ექვს ადამიანზე მეტი, ვაფრთხილებთ ყველას, მუშახელის სამუშაო პირობები, დასვენებისა და საკვების მიღების პირობები უნდა შეესაბამებოდეს რეგულაციებს, – განაცხადა მედიასთან შეხვედრისას კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, კახეთში ხვნა-თესვის, ვენახისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში რეგულაციების დაცვა აუცილებელი მოთხოვნაა. გუბერნატორმა რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა იმ კომპანიებსაც, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობენ.

„სასოფლო-სამეურნეო მიწის დასამაუშავებლად ან ვენახში სამუშაოდ ხშირ შემთხვევაში მუშახელი მიკროავტობუსით გადაჰყავდათ, სადაც 12-15 ადამიანი იჯდა. ახლა ეს გამორიცხულია. მაქსიმუმ ექვსი ადამიანი შეიძლება იყოს სატრანსპორტო საშუალებაში. ანალოგიური ტიპის რეგულაცია ვრცელდება ყველა სახის სამუშაოებზე. აქაც მუშებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ჰქონდეთ პირბადეები, სამშენებლო კომპანიებმა აწარმოონ რეგულარული თერმოსკრინინგი“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ყველა მუნიციპალიტეტში ამოქმედდება ცხელი ხაზი და ყველა შეკითხვის, საეჭვო სიტუაციის ან კანონდარღვევის შესახებ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, დარეკონ.

რეგულაციებთან დაკავშირებით და საკარანტინო რეჟიმის პირობებზე ყველა ქალაქსა და სოფელში კონტროლს სამართალდამცველები 24 საათის რეჟიმში განახორციელებენ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.