21:00 საათიდან დილის 6 საათამდე სასურსათო მაღაზიებიც დაიხურება

394

კარანტინის ფარგლებში, 21:00 საათიდან – 06:00 საათამდე სასურსათო მაღაზიების მუშაობაც იკრძალება.

რაც შეეხება აფთიაქების მუშაობას, ისინი ამ დროის განმავლობაში იმუშავებენ, მოქალაქეებს კი აფთიაქში მისვლა, მხოლოდ უკიდურესად აუცილებელი მედიკამენტის ყიდვის შემთხვევაში შეეძლებათ.

გარდა ამისა, კარანტინის ფარგლებში, სატვირთო ავტომობილებზე ე.წ. კომენდანტის საათის გამო შემოღებული საათობრივი შეზღუდვები არ იმოქმედებს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილებას სპეციალური საშვებით შეძლებენ.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.