მარნეულის მერი: სურსათით მომარაგების პრობლემა არ არის – ბანკებთან ხალხმრავლობაა, თუმცა, დისტანცია დაცულია

424

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინფორმაციით, სასურსათო მარაგი მარნეულში შეუფერხებლად შედის.

როგორც დარგალმა ჟურნალისტებს განუცხადა, სურსათით მომარაგების პრობლემა რეგიონში არ არის.

„მარაგი ჩვეულებრივად შემოდის კოორდინირებულად ვმუშაობთ ქსელებთან და მარაგის პრობლემა არც ერთი მიმართულებით მარნეულში არ არის“, – განაცხადა დარგალმა.

რაც შეეხება მოსახლეობის ინფორმირებას, მარნეულის მერის განცხადებით, მოსახლეობას საგანგებო ვითარების შესახებ ინფორმაცია კვლავ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მიეწოდებათ. გარდა ამისა, ზაურ დარგალის თქმით, ბანკებთან შეინიშნება ხალხმრავლობა, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზედამხედველობის სამსახური წარმომადგენები აკონტროლებენ.

„ქალაქში სტაბილური მდგომარეობაა, ასევე სოფლებშიც. ახალ პირობებთან დაკავშირებით აქტიურად ვავრცელებთ ინფორმაციებს როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ბანკებთან არის ხალხმრავლობა, თუმცა, იქ იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამიისტროს წარმომადგენლები, ასევე ზედამხედველობის წარმომადგენლები და ის რეკომენდაციები და საჭირო დისტანცია დაცულია“, – განაცხადა დარგალმა.

გუშინ მარნეულის მერიასთან მოსახლეობა შეიკრიბა. მერიამ სოციალური დაუცველი ოჯახებისთვის დახმარების დარიგება დაიწყო, რამაც მოსახლეობის დარჩენილი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. მათი თქმით, რწმუნებულები დახმარებას უსამართლოდ არიგებენ.

ისინი ამბობდნენ, რომ სოფლებში პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, მათ კი საკვების შესაძენად საკმარისი თანხა არ აქვთ.

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის განცხადებით, მუნიციპალიტეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერიის მიერ გაცემული დახმარებები ყველა მარნეულელს გადაეცემა, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინია გამოცხადებული. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 108 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.