ოკუპირებულ გალსა და ოჩამჩირეს შორის მიმოსვლა აიკრძალა

502

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებით, გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის გადაადგილება აიკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 მარტის 21:00 საათიდან რაიონებს შორის დროებითი “მილიციის კორდონი” აღმართა.

დეფაქტო ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთიდან ზუგდიდში 29 მარტს გადაყვანილ პაციენტს, 50 წლის ქალს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ პირველი არხის 31 მარტს ეთერში განაცხადა, რომ პაციენტი მოსკოვიდან ჯერ ადლერში (სოჭთან) ჩაფრინდა, ადლერიდან კი ავტომობილით ჩავიდა გალში, საბერიოში, საიდანაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

28 მატს, კორონავირუსის საფრთხიდან გამომდინარე, ოკუპირებულ გალში კომენდანტის საათი შემოიღეს.

წინა დღით, 27 მარტს, აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 20 აპრილამდე გაგრძელდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი ცხადდება. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 108 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.