კარანტინის პერიოდში მოქალაქეებმა თან უნდა ატარონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

1658

წინა სტატია

საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ჰქონდეს.

როგორც პრემიერმინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, შეზღუდვების ეფექტური აღსრულება ქვეყნის ნებისმიერი სოციალური ჯგუფისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„ამ შეზღუდვების ეფექტური აღსრულება და რაც მთავარია ამ შეზღუდვებში თანამშრომლობა სახელმწიფოს, მოქალაქეს და ნებისმიერი ამ ქვეყნის სოციალური ჯგუფის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ შედარებით წარმატებული გამოწვევაზე პასუხი რომელიც აქამდე გვქონდა გავაგრძელოთ,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, იმ დაწესებულებების თანამშრომლებს, რომლებიც ფუნქციონირების ხასიათიდან გამომდინარე, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, სპეციალური საშვით გადაადგილების საშუალება ექნებათ.

გიორგი გახარიას განმარტებით, საშვების გაცემა ამ ადამიანებზე მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციებს დაიცავენ.

“ყველა ის დაწესებულება, რომელიც მისი ფუნქციონირების ხასიათიდან და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე აგრძელებს მუშაობას 24-საათის განმავლობაში, მათ ექნებათ სპეციალური საშვები, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად დაიცავენ დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს. მედიის თავისუფლება, ისევე როგორც სასურსათო მაღაზიების მუშაობა და სხვა ბევრი დაწესებულების მუშაობა, ბანკი იქნება ეს თუ სააფთიაქო ქსელი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უპირველესი ღირებულება და როდესაც ჩვენს ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ამ ვირუსის პირობებში არ ვსაუბრობთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენსაზე, ჩვენ უკვე პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანების წინაშე, რომლებთანაც კომუნიკაციაში შევდივართ. იქნება სპეციალური საშვები, რომლის საშუალებითაც მედიასაც ექნება მუშაობის საშუალება, პურის ქარხნებსაც ექნება საშუალება, იმ დისტრიბუციის ქსელებსაც ექნებათ საშუალება, რომლებიც ამარაგებენ სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს”, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი ცხადდება. 

ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 6:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. როგორც პრემიერმინიტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.