თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდსა და გორში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა

761

წინა სტატია

შემდეგი სტატია

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დაცვასა და ღონისძიებების გატარებას შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლისა და ასევე მოქალაქეთა თერმოსკრინინგის მიზნით საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„პირთა გადაადგილების კონტროლის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შემოწმების მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების კონტროლის და ამ პირობების შესრულების მიზნით, ასევე პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები შემდეგ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში და გორში, ამ ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით. ამ ღონისძიებას განახორციელებს შსს-ის ძალები და მასთან ერთად ჩართულნი იქნებიან თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი ცხადდება. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 100 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.